თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. წინანდლის მამულში დიდი ქართველი პოეტის, ლადო ასათიანის 105 წლის იუბილე აღნიშნეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
ღონისძიებას პოეტის სამი შთამომავალი - შვილი, შვილიშვილი და შვილთაშვილი დაესწრო.
ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში პოეტის ხელნაწერები და ფოტოარქივიც გამოიფინა.
„ლადო ასათიანი ძალიან ახალგაზრდა, 26 წლის ასაკში გარდაიცვალა და, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ხანმოკლე იყო მისი ცხოვრება, მან შეძლო ქართული კულტურის ისტორიაში წარუშლელი კვალი დაეტოვებინა. მუზეუმში გამოიფინა მისი ხელნაწერები და ფოტოარქივი, დამთვალიერებელი კი ექსპოზიციის ნახვას მომდევნო 1 თვის განმავლობაში შეძლებს“, - აღნიშნა წინანდლის მამულის დირექტორმა გიორგი ხარაბაძემ.
წინანდალში ლადო ასათიანის იუბილე კომპანია „სილქ როუდ ჯგუფის“ ინიციატივით აღნიშნეს.
ლადო ასათიანი 1917 წლის 14 იანვარს დაიბადა ქუთაისში. 1938 წელს დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. პირველი ლექსი („თებერვლის დილა“) 1936 წელს ქუთაისის გაზეთ „სტალინელში“ გამოაქვეყნა. 1939 წელს ტუბერკულოზით დაავადებული პოეტი სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაიწვიეს. სამხედრო ექიმებმა გულისხმიერება გამოიჩინეს და ავადმყოფი პოეტი უკან დააბრუნეს.
1940—1941 წლებში გამომცემლობა „ფედერაციას“ გამოსაცემად ჩააბარა ლექსების პირველი კრებული „წინაპრები“. წიგნი დაიბეჭდა 1943 წელს. პოეტს გაუგზავნეს 10 საავტორო ეგზემპლარი. ამ ათი ეგზემპლარის გარდა არც ერთი არ გაუვრცელებიათ. იგი გაანადგურეს, როგორც არასაბჭოთა სულისკვეთების წიგნი. 1943 წლის ივლისში პოეტი გარდაიცვალა. იგი ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს. მხოლოდ 1968 წელს გადმოასვენეს დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.