თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ყირიმის ხიდზე მომხდარი აფეთქების გამო პრემიერ-მინისტრს მიხეილ მიშუსტინს სამთავრობო კომისიის შექმნა დაავალა, განაცხადა რუსეთის სახელმწიფოს მეთაურის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა.
შაბათს, გამთენიისას ყირიმის ხიდზე ააფეთქეს სატვირთო მანქანა, რამაც სარკინიგზო შემადგენლობის შვიდი ცისტერნის აალება გამოიწვია. ხიდის ორი საავტომობილო მონაკვეთი ნაწილობრივ ჩამოინგრა. ხიდის სანაოსნო ნაწილში არსებული თაღი არ დაზიანებულა. რეგიონული ხელისუფლების წინასწარი მონაცემებით, მომხდარის შედეგად არავინ არ დაშავებულა.
„ყირიმის ხიდზე საგანგებო ვითარებასთან დაკავშირებით, ვლადიმირ პუტინმა პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინის, ვიცე-პრემიერ მარატ ხუსნულინის, საგანგებო სიტუაციების და ტრანსპორტის მინისტრების, ალექსანდრ კურენკოვისა და გენადი საველიევის, ასევე ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელების მოხსენებები მიიღო“, - ციტირებს „რია ნოვოსტი“ პესკოვის სიტყვებს.
მან აღნიშნა, რომ სამთავრობო კომისიას დაევალა მომხდარის მიზეზების დადგენა და შედეგების ოპერატიულად აღმოფხვრა. მის შემადგენლობაში ასევე იქნებიან კრასნოდარის მხარის და ყირიმის ხელმძღვანელები, რუსეთის გვარდიის, უშიშროების ფედერალური სამსახურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები.
მინისტრები საველიევი და კურენკოვი მომხდარის ადგილისკენ გაემგზავრნენ.
ყირიმის ხიდი ყველაზე გრძელია რუსეთში, მისი სიგრძე 19 კილომეტრს შეადგენს. საავტომობილო ნაწილი 2018 წლის მაისში ამოქმედდა. 2019 წლის დეკემბერში მის სარკინიგზო ნაწილზე პირველი მატარებლები ამოძრავდა.