რატომ იზრდება ჯარიმები ტექდათვალიერების არგავლისთვის: მაია ბითაძის განმარტება

კანონმდებლობა გამკაცრდება უსაფრთხო მგზავრობისა და ჰაერის დაბინძურების პრევენციის კუთხით
Sputnik
თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik.საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური ინსპექტირების გაუვლელობისთვის ჯარიმები შეიძლება გასამმაგდეს, რადგან არსებული 50 ლარიანი ჯარიმა დამრღვევებზე გავლენას არ ახდენს, განაცხადა პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ.
შესაბამისი ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შედის.
„პირველადი ჯარიმა 50 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი და იმ შემთხვევაში, თუ სუბიექტი ჯარიმის გამოწერიდან 30 დღის განმავლობაში კვლავ დაჯარიმდება აღნიშნული სამართალდარღვევის ხელახალი ჩადენისთვის, გასამმაგდება ჯარიმა. სამი დაჯარიმების ყოველი შემდგომი დაჯარიმება იქნება განსაზღვრული 500 ლარის ოდენობით და მეტი“, - განუცხადა ბითაძემ ჟურნალისტებს.
აღსანიშნავია, რომ ფიზიკური და იურიდიული პირების ჯარიმების ოდენობები განსხვავდება.
დეპუტატის თქმით, დღეისათვის ტექნიკური ინსპექტირების განმეორებით გაუვლელობისთვის ჯარიმა არ იზრდება და ისევ 50 ლარს შეადგენს, ამიტომ მძღოლებს ყოველთვიურად 50 ლარიანი ჯარიმის გადახდა ურჩევნიათ, ვიდრე ავტომობილის წესრიგში მოყვანა.
„სუბიექტებს ურჩევნიათ გადაიხადონ 50-ლარიანი ჯარიმა და აღარ გაატარონ ავტომობილის ტექდათვალიერება, რადგან შეიძლება, ტექდათვალიერებამ მეტი დანახარჯი გამოიწვიოს მათთვის“, - განაცხადა დეპუტატმა.
საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა საქართველოში: ჯარიმების ტოპ-ხუთეული >>
მისი თქმით, ეს ძალიან ცუდად აისახება თვითონ ტექინსპექტირების ახლად შექმნილ სისტემაზე და გარკვეული ზიანის მომტანია თვითონ ინსტიტუტის ფუნქციონირებისთვის, რომ არაფერი ვთქვათ ჰაერის დაბინძურებაზე.
მისივე თქმით, კანონმდებლობის გამკაცრება უსაფრთხო მგზავრობისა და ჰაერის დაბინძურების პრევენციის კუთხით წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.
საკანონმდებლო პაკეტი დეპუტატების და შსს-ს მონაწილეობით მომზადდა. მათ შორის, ეკონომიკისა და გარემოს დაცვის სამინისტროებიც იყვნენ ჩართული.
„მთავრობის მხრიდან ველოდებით, რომ ვიზუალური გამონაბოლქვის კონტროლის კუთხითაც გარკვეული ნაბიჯები გადაიდგმება და პარლამენტში შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები იქნება შეტანილი“, - განაცხადა ბითაძემ.
კანონპროექტის თანახმად, 500 ლარიანი ჯარიმა არის ბოლო ზღვარი და თუ პირი მუდმივად არ გაივლის ტექდათვალიერებას, მუდმივად დაჯარიმდება 500 ლარით.
იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, რომელსაც არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება, ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ადმინისტრაციული დარღვევაა საქართველოში. ნახევარ წელიწადში ქვეყანაში 409.469 მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა.