საქართველო მზადაა, გახდეს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობიანი დიალოგის ადგილი

საქართველოსთვის ნომერი პირველი პრიორიტეტია რეგიონში გარანტირებული მშვიდობა და უსაფრთხოება, აღნიშნა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
Sputnik
თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. საქართველო ყოველთვის მზადაა გახდეს ადგილი მოლაპარაკებებისთვის, რომლის საშუალებითაც აზერბაიჯანი და სომხეთი მშვიდ და წყნარ დიალოგს შეძლებენ, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა.
როგორც დიპლომატმა აღნიშნა, საქართველოსთვის უმთავრესი პრიორიტეტია გარანტირებული მშვიდობა და უსაფრთხოება რეგიონში.

„ამ მიზნიდან გამომდინარე, ჩვენი ქვეყანა ყოველთვის ცდილობდა, რომ შეესრულებინა შუამავლის როლი ჩვენს სამხრეთელ მეგობრებთან. ეს პროცესი გაგრძელდება", – განაცხადა დარჩიაშვილმა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ გასულ წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის აქტიური მონაწილეობით კონკრეტულ საგრძნობ შედეგებს მიაღწიეს.
სულ რამდენიმე თვის წინ, ივლისში საქართველომ სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს უმასპინძლა, რაც, მისი თქმით, ასევე იმის მაგალითია, რომ საქართველოს მიმართ განსაკუთრებული ნდობაა.
ალიევი ბაქო-თბილისი-ერევნის პლატფორმის შექმნაზე>>
„მომავალშიც ყოველთვის მზად ვართ, რომ საქართველო, თბილისი იყოს ადგილი, სადაც ჩვენი სამხრეთელი მეზობლები შეძლებენ მშვიდ და წყნარ დიალოგს იმისთვის, რათა მათ კონკრეტული შედეგი მიიღონ ამ მოლაპარაკებებიდან და ჩვენს რეგიონში დამყარდეს მშვიდობა და სტაბილურობა", – განაცხადა დარჩიაშვილმა.
შეთავაზება მეზობლების მისამართით ძალაშია დღესაც, აღნიშნა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

„ყოველთვის, ნებისმიერ დროს, მათთვის სასურველ დროსა და სივრცეში, ჩვენს ქვეყანაში მზად ვართ, რომ ვუმასპინძლოთ ჩვენს მეზობლებს და დავეხმაროთ, თუ ამის საჭიროება იქნება, გააძლიერონ დიალოგი და გააღრმავონ ეს პროცესი იმისთვის, რათა მივაღწიოთ მშვიდობას რეგიონში", – განაცხადა დარჩიაშვილმა.

გასული წლის დეკემბერში პრემიერი ღარიბაშვილი "მშვიდობიანი სამეზობლოს" ინიციატივით გამოვიდა. მან მეზობელ ქვეყნებს შესთავაზა არაფორმალური დიალოგისთვის რეგიონული პლატფორმის შექმნა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს