თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობამ ქვეყანაში ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება რუსეთ-უკრაინის კრიზისის ფონზე ენერგომატარებლების ღირებულების მკვეთრი ზრდის გამო გადადო, განაცხადა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელმა დავით ნარმანიამ.
ახალი ენერგეტიკული ბირჟა ყოველდღიური ვაჭრობით საქართველოში, ბოლო შეთანხმებით, 2022 წლის 1 სექტემბრიდან უნდა ამოქმედებულიყო. სულ კი ელექტროენერგიის ბაზრის გახსნა ოთხჯერ გადაიდო. თავდაპირველად დაგეგმილი იყო ბირჟის ამოქმედება 2021 წლის 1 ივლისიდან, მაგრამ ბაზრის მონაწილეები არ აღმოჩნდნენ მზად საათობრივი ვაჭრობისთვის. მოგვიანებით ბირჟის გახსნა 2022 წლის 1 იანვრისთვის, შემდეგ კი 1 მარტისთვის გადაიდო. ამჟამად ბირჟის ამოქმედების თარიღად 2023 წლის 31 მარტია დასახელებული.
„არსებობდა გარკვეული გეოპოლიტიკური და ფასების რისკები... ვინაიდან შემოდგომა-ზამთრის პერიოდი დეფიციტური გვაქვს, ამ პერიოდში ბაზრის გახსნა ნიშნავს ძვირადღირებული იმპორტის შემოდინებას და, შესაბამისად, ბაზარზე ენერგორესურსების გაძვირებას“, – განაცხადა ნარმანიამ.
მისი თქმით, ტექნიკურად სისტემა უკვე მზად არის ბაზრის გასახსნელად, ყველა სუბიექტი – ენერგობირჟა, სახელმწიფო ელექტროსისტემა და კომერციული ოპერატორი სრულ მზადყოფნაში არიან. ყველა ძირითადი წესი და რეგულაცია კომისიის მიერ დამტკიცებულია.
ახალი ბირჟა – ახალი შესაძლებლობები
თავისუფალი, კონკურენტუნარიანი და საათობრივი ელექტროენერგეტიკული ბაზრების დანერგვა არის იმ რეფორმის ნაწილი, რომელიც საქართველომ უნდა განახორციელოს ენერგეტიკულ თანამეგობრობაში გაერთიანების პირობების ფარგლებში.
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად იზრდება. სპეციალისტების პროგნოზით, 2030 წლისთვის ქვეყანა სერიოზული ენერგოდეფიციტის წინაშე აღმოჩნდება, რამდენადაც იმ დროისათვის ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის 70%-ით გაიზრდება და 22 მლრდ კვტ/სთ-ს მიაღწევს. ამიტომაც ენერგეტიკის სფეროში რეფორმების განხორციელება მთავრობის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.
ბირჟის გახსნა საქართველოს საშუალებას მისცემს, მეტი ინვესტიცია მოიზიდოს ენერგეტიკის სფეროში. მეტიც, ელექტროენერგიის ფასების ფორმირების პროცესი უფრო გამჭვირვალე გახდება.
სიახლის თანახმად, მომხმარებლებს შეუძლიათ წინა დღეს გააკეთონ განაცხადი მომდევნო დღის ენერგიის შესყიდვასთან დაკავშირებით. ბაზარზე იქნებიან ელექტროენერგიის მიმწოდებლები – ჰიდროელექტროსადგურები, თბოსადგურები, იმპორტიორები, რომელთაც ექნებათ ენერგია გასაყიდი, და საბაზრო ფასი მოთხოვნა–მიწოდების თანაფარდობის საფუძველზე ჩამოყალიბდება.
საქართველოში პირველი ენერგეტიკული ბირჟა 2019 წელს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისა" და „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის" მონაწილეობით დაფუძნდა. თითოეულის წილი 50%-ია.
ახალი ენერგეტიკული ბირჟა ყოველდღიური ვაჭრობის დანერგვასა და ოპერირებას საკონსულტაციო კომპანია Nord Pool Consulting-ის პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით განახორციელებს.