თბილისი, 7 ოქტომბერი − Sputnik. შეერთებული შტატები აანალიზებს პასუხის ვარიანტებს საუდის არაბეთის მიმართ იმ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც ნავთობექსპორტიორ სახელმწიფოთა ორგანიზაცია OPEC+-მა მიიღო ნავთობის სადღეღამისო მოპოვების შემცირების თაობაზე, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა.
მისი თქმით, ერ-რიადთან შემდგომი ურთიერთობის შესახებ უკვე მიმდინარეობს კონსულტაციები.
„რაც შეეხება [ერ-რიადთან] სამომავლო ურთიერთობებს, ჩვენ პასუხის სხვადასხვა ვარიანტს განვიხილავთ და კონსულტაციებს ვმართავთ კონგრესთან“, – განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.
ამასთან, ბლინკენს არ დაუკონკრეტებია, რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს ვაშინგტონი ნავთობმოპოვების შემცირებაზე პასუხად, თუმცა აღნიშნა, რომ თეთრი სახლი არასდროს გააკეთებს იმას, რაც შეერთებული შტატების ინტერესებს ავნებს.
მანამდე, 5 ოქტომბერს OPEC+-ის ქვეყნები ნავთობის სადღეღამისო მოპოვების 2 მლნ ბარელით შემცირებაზე შეთანხმდნენ. ამასთან საუდის არაბეთისა და რუსეთის კვოტები 500–500 ათასი ბარელით დაიწევს. ვაშინგტონმა „ოპეკის“ გადაწყვეტილებას „მცდარი“ უწოდა და ორგანიზაციას რუსეთთან სოლიდარობის გამო უსაყვედურა. OPEC+-ის გადაწყვეტილების კვალდაკვალ, რომელიც მიმდინარე წლის ნოემბერში შედის ძალაში, ნავთობის მსოფლიო ფასებმა უკვე აიწია და ერთ ბარელზე 93 დოლარს გადასცდა. ექსპერტების აზრით, უახლოეს თვეებში ფასი 100 დოლარს გადააჭარბებს.