თბილისი, 6 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს როგორც ციფრული სატრანზიტო ჰაბის განვითარება მთავრობის ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებას წარმოადგენს, განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა „მინისტრის საათის“ ფარგლებში.
საქართველოს გარდაქმნა რეგიონის „ციფრულ ჰაბად“ ხელისუფლების ერთ-ერთი ამოცანაა მომდევნო ათი წლისთვის. უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში ფართოზოლოვანი ქსელის განვითარების სტრატეგიის მიხედვით, საქართველოს უნდა ჰქონდეს ინტერნეტი წამში მინიმუმ 100 მეგაბიტი სიჩქარით, წარმოებებსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში - 1 გიგაბიტი წამში. ამავდროულად, ღია ფართოზოლოვანი ქსელი გაჩნდება სამიზნე ადგილებში, სადაც ჯერ კიდევ არ არის ინტერნეტი.
„ციფრული სატრანზიტო ჰაბის განვითარება გულისხმობს, ერთი მხრივ, საერთაშორისო ფართოზოლოვან სატელეკომუნიკაციო ინტერნეტ კავშირს საქართველოში და საქართველოს გავლით და მეორე მხრივ, საქართველოში, მსხვილი კონტენტ პროვაიდერების მიერ რეგიონალური მონაცემთა გაცვლის ცენტრების ფორმირებას“, - განაცხადა დავითაშვილმა.
მინისტრის თქმით, საქართველოში ციფრული სატრანზიტო ჰაბის და მონაცემთა დამუშავების რეგიონალური ცენტრების განვითარების საკითხებს ითვალისწინებს მსოფლიო ბანკთან დაწყებული პროექტი Log-in Georgia, რომლის ფარგლებშიც შემუშავდება ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ციფრული კორიდორისა და საქართველოში ციფრული ჰაბის განვითარების კონცეფცია.
„სამინისტრო მუშაობს „ციფრული ეკონომიკისა და საინფორმაციო საზოგადოების განვითარების გრძელვადიანი ეროვნული სტრატეგიის და მისი განხორციელების გეგმის“ პროექტის შემუშავებაზე, სადაც განისაზღვრება ციფრული ეკონომიკის განვითარების სამომავლო მიმართულებები“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
მინისტრის ცნობით, სტრატეგიის პირველადი პროექტი უკვე შემუშავებულია და ამ ეტაპზე მისი აქტიური განხილვები მიმდინარეობს კერძო სექტორთან ერთად.
როგორ ლევან დავითაშვილმა ადრე განაცხადა, შავი ზღვის გავლით საქართველოს კარგი პოზიცია უჭირავს საერთაშორისო ინტერნეტკავშირების ბაზარზე აქტიური მონაწილეობის მისაღებად, ხოლო შავ ზღვაზე წყალქვეშა ინფრასტრუქტურით კავშირი ევროპასთან, ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ციფრული სატრანზიტო დერეფნის განვითარების წინაპირობაა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ინტერნეტით 100%-ით არის უზრუნველყოფილი თბილისი, ბათუმი და სტეფანწმინდისა და ბორჯომის რაიონები. 13 რაიონში მოსახლეობის მხოლოდ დაახლოებით 35%-ს აქვს ინტერნეტი, ხოლო დანარჩენ რაიონებში ინტერნეტიზაციის დონე 50%-დან 70%-მდე მერყეობს.
ინტერნეტიზაციასთან დაკავშირებული პრობლემების გადასაჭრელად საქართველო 2023 წლიდან ინტერნეტს Starlink-ის თანამგზავრული სისტემის დახმარებით მიიღებს.
Starlink-ის მუშაობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდება მაღალმთიან რეგიონებში, ასევე ისეთ დასახლებებში, სადაც ფართოზოლოვანი ინტერნეტ-წვდომა არ არსებობს. პროექტის ამოქმედების შემდეგ საქართველოს ყველა წერტილში მაღალხარისხიანი სწრაფი ინტერნეტი იქნება ხელმისაწვდომი.