თბილისში ვირტუოზი პიანისტის სანდრო ნებიერიძის კონცერტი გაიმართება

კონცერტზე ნებიერიძის კამერული და საფორტეპიანო ნაწარმოებები აჟღერდება.
Sputnik
თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. ქართველი ვირტუოზი პიანისტისა და კომპოზიტორის სანდრო ნებიერიძის საავტორო კონცერტი ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზში 6 ოქტომბერს გაიმართება.
კონცერტზე ნებიერიძის ნაწარმოებები აჟღერდება.
„ეს იქნება პირველი სრული საავტორო საღამო, რომელზეც მსმენელი მოისმენს სანდრო ნებიერიძის რიგ საპრემიერო ნაწარმოებებს, ასევე მის უკვე ცნობილ კომპოზიციებს", – ნათქვამია ღონისძიების ანონსში.
კონცერტში მონაწილეობას მიიღებს ჩელისტი ლიზი რამიშვილი, ხოლო სპეციალური სტუმრის სტატუსით გამოვა ნატალია ქუთათელაძე, რომელიც შეასრულებს თეატრალურ-მუსიკალურ მინიატურას მეცო-სოპრანოსა და ფორტეპიანოსთვის (გიორგი სარჯველაძის ტექსტის მიხედვით).
სანდრო ნებიერიძე 21 წლისაა. იგი თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიასთან არსებული მუსიკალური სემინარიის (პედაგოგი - ლალი სანიკიძე) კურსდამთავრებულია. ფორტეპიანოს პარალელურად იგი მაკა ვირსალაძის კლასში კომპოზიციას ეუფლებოდა.
სამი წლის ასაკში მოსმენილი ვერდის ოპერები და ჩარჩოში ჩასმული სიგიჟე
ნებიერიძე არის ოპერის, საფორტეპიანო და სხვა საკრავებისთვის განკუთვნილი თხზულებების ავტორი, სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი, მათ შორის: Musica, Sepashvili Klavierwettbewerb (2009, I პრემია); ვილნიუსში Balys Dvarionas International Piano Competition (ლიეტუვა, 2012), კიევში საერთაშორისო მუსიკალური კონკურს-ფესტივალის (უკრაინა, 2013), Astana Piano Passion (ყაზახეთი, 2015, I პრემია).
პიანისტი გასტროლებს მართავს საქართველოსა და ევროპაში. თავისი გამოსვლების დროს ასრულებს საკუთარ ნაწარმოებებსაც.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს