ციტრუსის მოსავლის დასაცავად აჭარაში ტერიტორიები თერმული ნისლით მუშავდება

უწყების ცნობით, აჭარაში სპეცტექნიკის 31 ერთეულია მობილიზებული.
Sputnik
თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. დასავლეთ საქართველოში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები მიმდინარეობს, კერძოდ, ციტრუსის მოსავლის დასაცავად ტერიტორიები თერმული ნისლით მუშავდება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
საქართველოში აზიური ფაროსანა 2015 წელს გამოჩნდა და მაშინ ციტრუსისა და თხილის მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა. მას შემდეგ აზიურ ფაროსანას აქტიურად ებრძვიან. 2019 წლის აგვისტოში საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქვეყანამ მავნებელი საბოლოოდ დაამარცხა. თუმცა პროფილაქტიკური სამუშაოები კვლავაც გრძელდება.
უწყების ინფორმაციით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში (ალამბარი, მუხაესტატე, გვარა, ხალა, ციხისძირი, ქობულეთი, ხუცუბანი) უკვე დამუშავებულია 2 ათას ჰექტრამდე ფართობი. წამლობა უსაფრთხოების წესების სრული დაცვით, მეფუტკრე ფერმერების ჩართულობით ღამის საათებში მიმდინარეობს.
ღონისძიებები აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის სამსახურებთან კოორდინაციით ხორციელდება.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მიგრაციის ფაზაში მყოფი აზიური ფაროსანას პოპულაციის შესამცირებლად და ეკონომიკური ზარალის თავიდან ასაცილებლად უმნიშვნელოვანესია მოსახლეობის გააქტიურება.
საქართველოში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა გრძელდება
შემოდგომის დადგომასთან ერთად მავნებელი გამოსაზამთრებლად ემზადება და საცხოვრებელი სახლებისა და მიტოვებული შენობებისკენ ინაცვლებს, ასეთ დროს ყველაზე ეფექტიანია სახლის პირობებში მექანიკური მეთოდების გამოყენება.
უწყება მოსახლეობას მოუწოდებს, დაიცვას საკუთარი მოსავალი, ჩაერთოს ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში და მექანიკური მეთოდების გამოყენებით გაანადგუროს მავნებელი.
მასიური გავრცელების შემთხვევაში აზიურ ფაროსანას, იგივე აზიურ ბაღლინჯოს შეუძლია ვაშლის, ატმის, ყურძნის, მარწყვის კულტურებისა და თხილის მოსავლის 70%-ის განადგურება.
აზიური ფაროსანას სამშობლო სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიაა, მათ შორის, ჩინეთი, იაპონია, კორეის ნახევარკუნძულის ქვეყნები, ტაივანი, ვიეტნამი. ადამიანისთვის აზიური ფაროსანა საშიშროებას არ წარმოადგენს.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს