თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის მეტროში შშმ პირებისთვის შერჩეული სადგურების სრული მექანიზაცია-აღჭურვა იგეგმება, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე.
თბილისის მერის თქმით, თბილისის მეტროპოლიტენში ჩატარებული ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ფარგლებში მეტროს სადგურებში გარკვეული რეფორმები უკვე განხორციელდა.
თუმცა, რეფორმა უნდა გაგრძელდეს, რადგან მეტროს განახლება ბევრი მიმართულებით სჭირდება, თქვა მან.
„პროექტის ძირითადი მიზანია ინტეგრირებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემის მიმზიდველობის გაზრდა. იგი ასევე გულისხმობს მეტროპოლიტენის გარკვეული სადგურების ადაპტაციას შშმ პირთა მოთხოვნილებებზე“, – განაცხადა კალაძემ.
დედაქალაქის მერის განმარტებით, აღნიშნული პროექტი ასევე ითვალისწინებს მეტროს 11 სადგურის გარშემო მიწისზედა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას.
„პროექტის ფარგლებში მეტროს სადგურ „ახმეტელის თეატრის“ მეორე ამოსასვლელის დასრულება დაიწყება. დარწმუნებული ვარ, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება. შესაბამისად, მზად უნდა ვიყოთ“, – განაცხადა კალაძემ.
პროექტის საერთო ღირებულება 25 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, აღნიშნა მერმა.
ამჟამად თბილისის მეტროპოლიტენი ორ ხაზზე – ახმეტელი-ვარკეთილის და საბურთალოს ხაზებზე 23 სადგურს ითვლის. მეტროს ხაზების საერთო სიგრძეა 57 კილომეტრი. აქედან პირველი ხაზი 40 კილომეტრია, ხოლო მეორე – 17 კმ.