მსოფლიო დღეს

ამაზია: დედამიწაზე ახალი სუპერკონტინენტი წარმოიქმნება - ფოტო

Sputnik
თბილისი, 5 ოქტომბერი − Sputnik. დედამიწაზე მომავალში ახალი სუპერკონტინენტი წარმოიქმნება გამქრალი წყნარი ოკეანის ადგილზე, აცხადებენ ავსტრალიელი და ჩინელი გეოლოგები, რომელთა კვლევა ჟურნალ National Science Review-შია გამოქვეყნებული.
როგორც ირკვევა, სწავლულებმა კონტინენტების ფორმირების შესახებ მეცნიერებისთვის ცნობილი ყველა მონაცემი სპეციალურ პროგრამაში ჩატვირთეს და სუპერკომპიუტერის დახმარებით ტექტონიკური ფილების მოძრაობის მოდელირება შეძლეს.
მოდელირებამ აჩვენა, რომ პლანეტაზე მომხდარი ცვლილებების შედეგად ავსტრალია ევრაზიას შეეჯახება და ამერიკისკენ დაიწყებს მოძრაობას. ამის მერე ყველა კონტინენტი ერთ უზარმაზარ სუპერკონტინენტად გაერთიანდება, რომელსაც მეცნიერებმა პირობითად „ამაზია“ უწოდეს.
რაც შეეხება ოკეანეებს, დარჩება მხოლოდ ორი − ინდოეთისა და ატლანტის, ხოლო წყნარი და ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანეები გაქრება. ამაზიის წარმოქმნა სწორედ წყნარი ოკეანის ადგილზე ივარაუდება.

„დედამიწის კონტინენტები ბოლო ორი მილიარდი წლის განმავლობაში ყოველ 600 მილიონ წელში ერთხელ ეჯახებოდნენ ერთმანეთს და ახალ სუპერკონტინენტებს ქმნიდნენ. ეს მექანიზმი ცნობილია როგორც სუპერკონტინენტების ციკლი. ეს იმას ნიშნავს, რომ ამჟამად არსებული კონტინენტები კვლავ უნდა შეერთდნენ 200-300 მილიონი წლის შემდეგ“, − ამბობს კვლევის წამყვანი ავტორი ჩუან ჰუანი.

მეცნიერების თქმით, ყველა ამ ცვლილებას დედამიწაზე კლიმატის კარდინალური ცვლილებაც მოჰყვება. ზღვის დონე დაიწევს, ხოლო სუპერკონტინენტის შიდა ვრცელ ნაწილზე გვალვა დაისადგურებს − ყოველდღიური ტემპერატურული რყევებით.