თბილისი, 5 ოქტომბერი – Sputnik. საქართველო ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე წელს ლიტერატურული პროგრამით წარდგება. ბაზრობა 19-23 ოქტომბერს გაიმართება, ნათქვამია მწერალთა სახლის ვებ-გვერდზე.
მწერალთა სახლის ცნობით, წლევანდელ ლიტერატურულ პროგრამაში 7 ქართველი ავტორი მიიღებს მონაწილეობას.
საქართველოს ეროვნულ სტენდზე დაგეგმილია მწერლების შეხვედრები უცხოელ მკითხველთან, ახალი მთარგმნელობითი პროექტების დაანონსება, უახლესი გერმანულენოვანი გამოცემების პრეზენტაცია და ერთობლივი ღონისძიებები, რომლებიც „ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა 2022“-ის საპატიო სტუმარი ქვეყნის ესპანეთის წარმომადგენლებთან, მწერლებთან და გამომცემლებთან ერთად გაიმართება.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა მოცულობით სტენდს უთმობს უკრაინის წიგნის სფეროს წარმომადგენლებს. უკრაინის მხარდასაჭერად საქართველოს ეროვნულ სტენდზეც გაიმართება რამდენიმე ღონისძიება.
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე წელს 20-მდე ქართველი გამომცემელი მიიღებს მონაწილეობას, რომლებიც ვიზიტის ფარგლებში შეხვდებიან უცხოელ გამომცემლებს.
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა მსოფლიოში უდიდესი წიგნის ბაზრობაა, რომელშიც ყოველწლიურად ათასობით გამომცემელი და ავტორი იღებს მონაწილეობას. საქართველო 2007 წლიდან ტრადიციულად ყოველწლიურად მონაწილეობს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ეროვნული სტენდითა და მრავალფეროვანი ლიტერატურული პროგრამით, სადაც ქართველი ავტორების და გამომცემლების მონაწილოებით უცხოენოვანი თარგმანების პოპულარიზაციისა და თარგმანის პროცესის ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა ლიტერატურული ღონისძიება იმართება.
წყარო - მწერალთა სახლი