თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის სააპელაციო სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პერიოდის ყველაზე გავლენიანი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის საქმეზე პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრების წამების საქმეზე განაჩენი 2021 წლის ივნისში გამოიტანა და ადეიშვილს დაუსწრებლად შეეფარდა 4,5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ადეიშვილი დამნაშავედ ცნეს პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაციის ორგანიზების, მოწმეზე ზემოქმედების და დანაშაულის პროვოკაციის ორგანიზების ფაქტებზე.
იუსტიციის ექს-მინისტრმა და ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ზურაბ ადეიშვილმა, რომელიც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უახლოესი გარემოცვის წევრი იყო, საქართველო ხელისუფლების შეცვლისთანავე დატოვა. არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე გავრცელდა ქართულ ციხეებში პატიმრების წამების ამსახველი ვიდეოკადრები. ამჟამად ადეიშვილი ევროპის ერთ-ერთი ქვეყნის მოქალაქეა, მან იქ პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო.
„სისტემური დანაშაულის შენიღბვის მიზნით ციხის უფროსმა დავით ჭაკუამ და ზურაბ ადეიშვილმა ორგანიზება გაუწიეს პატიმართა წამებას და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის გზით შეეცადნენ მომხდარი იმჟამინდელი პოლიტიკური ოპონენტისთვის - „ქართული ოცნებისთვის“ დაებრალებინათ“, – განაცხადა საქმის პროკურორმა გიორგი მუჯირმა.
ბრალდების მხარის მტკიცებით, მას შემდეგ, რაც 2012 წლის სექტემბრის დასაწყისში ადეიშვილისთვის ცნობილი გახდა, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელმა ვლადიმერ ბედუკაძემ საზღვარგარეთ გაიტანა პატიმრებისადმი არაადამიანური მოპყრობის ამსახველი კადრები, რათა ის ევროპელი უფლებადამცველებისა და მასმედიისთვის ეჩვენებინა, მან შეიმუშავა სქემა, რომლის მიხედვით ციხის თანამშრომლებს უნდა ეცემათ პატიმრები და ეს ჩაეწერათ ვიდეოზე, რათა შემდეგ განეცხადებინათ, რომ გადაღება პარტია „ქართული ოცნების" დავალებით ხდებოდა.
ამავე საქმესთან დაკავშირებით 4,5 წლით პატიმრობა მიესაჯა გლდანის ციხის ყოფილ უფროსს დავით ჭაკუას. აღნიშნული გადაწყვეტილებაც ასევე ძალაში დარჩა.
ადეიშვილისთვის, რომელიც რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებს, ეს უკვე პატიმრობის მეოთხე ვადაა, რომელიც მას საქართველოში შეუფარდეს.
პატიმრების წამების საქმე
საქართველოს შსს-მ 2012 წლის 19 სექტემბერს, საპარლამენტო არჩევნებამდე 10 დღით ადრე განაცხადა, რომ თბილისის გლდანის მერვე საპყრობილეში პატიმრებისადმი სასტიკი მოპყრობის საქმე გახსნა. გამოძიების მონაცემებით, ციხის თანამშრომლების ჯგუფი არააადამიანურად ეპყრობოდა პატიმრებს და ამას ვიდეოზე იღებდა. საგამოძიებო ორგანოებმა მაშინ განაცხადეს, რომ ეს მმართველი პარტიის ოპონენტების მიერ იყო ორგანიზებული, რათა ამომრჩევლების თვალში მათი სახელი გაესვარათ.
უწყებამ გამოაქვეყნა პატიმრების მიმართ სასტიკი მოპყრობის ვიდეოკადრები. ამასთან, ითქვა, რომ არსებობს სხვა ვიდეომასალაც, რომლის ჩვენებაც საზოგადოებისთვის მიზანშეწონილი არაა. თუმცა იმავე საღამოს ოპოზიციურმა ტელეარხებმა პატიმრებზე ძალადობის საშინელი კადრები აჩვენეს და განაცხადეს, რომ მასალა ციხის ყოფილი თანამშრომლის ბედუკაძისგან მიიღეს.
პატიმრების წამების, ცემისა და გაუპატიურების ვიდეოკადრებმა მთელი საქართველო შეძრა. ქვეყანაში დაიწყო საპროტესტო აქციები ადამიანის უფლებების დაცვისა და პატიმრებისადმი სასტიკ მოპყრობაში დამნაშავეების დასჯის მოთხოვნით. გადადგნენ პრობაციისა და სასჯელაღსრულების, შინაგან საქმეთა მინისტრები, დააპატიმრეს პენიტენციური სისტემის რიგი თანამშრომლები.
ექსპერტების აზრით, „ციხის სკანდალმა“ გადამწყვეტი როლი შეასრულა საპარლამენტო არჩევნების შედეგებში, როდესაც გაიმარჯვა ოპოზიციურმა კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“, მმართველი „ნაციონალური მოძრაობა“ კი ოპოზიციაში გადავიდა.
ხელისუფლების შეცვლის შემდეგ საქართველოში მთელი რიგი საქმეები აღიძრა ყოფილი სახელმწიფო მოხელეების მიმართ, რომელთაგან ბევრი დღემდე იხდის სასჯელს.