თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ნაკრებისა და იტალიური „ნაპოლის" შემტევმა ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ ამსტერდამის „აიაქსის" კარში უეფას ჩემპიონთა ლიგაში თავისი პირველი გოლი გაიტანა.
ამსტერდამელებისთვის მატჩი თითქოსდა ცუდად არ დაწყებულა – ანგარიში „აიაქსმა" გახსნა მე-9 წუთზე. მაგრამ ამის მერე ბურთი მხოლოდ „აიაქსის" კარში ვარდებოდა და თან - არაერთხელ.
ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში"
© Courtesy of SSC Napoli
ხვიჩა კვარაცხელიას გოლი 63-ე წუთზე გავიდა და მაშინ ანგარიში 1:5 გახდა. ქართველი ნახევარმცველი საგოლე პასითაც გამოირჩა – მან ბურთი დი ლორენცოს „პირდაპირ თავზე დაასვა".
ამ გოლის შემდეგ კვარაცხელიამ შეცვლა მოითხოვა – თავი იჩინა „აიაქსის" მცველთან შეტაკებამ.
ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში"
© courtesy of SSC Napoli
ნეაპოლელების შემადგენლობაში კვარაცხელიას გარდა თავი გამოიჩინეს ჯაკომო რასპადორიმ (ორჯერ), ჯოვანი დი ლორენცომ, პეტრო ზელისკიმ და ჯოვანი სიმეონემ.
თამაშის საბოლოო ანგარიშია 1:6. საპასუხო მატჩი ნეაპოლში 12 ოქტომბერს გაიმართება. „ნაპოლი" ჯგუფის უპირობო ლიდერია – მის ანგარიშზე 9 ქულაა. ჯგუფში მეორე ადგილზე ინგლისური „ლივერპულია".