თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. დიდი ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანის (ფიროსმანაშვილი) პატივსაცემად სიღნაღში 8 ოქტომბერს დღესასწაული „ფიროსმანია" გაიმართება.
ფესტივალის ფარგლებში ბულვარზე ფიროსმანის მონუმენტი გაიხსნება, ხოლო ორგანიზატორები სიღნაღის მუზეუმში ახალგაზრდა მხატვრების გამოფენას მოაწყობენ.
ფესტივალის შემოქმედებითი ნაწილი 12:00 საათზე დაიწყება, სადაც სტუმრები ნიკო ფიროსმანის შემოქმედებაზე დაფუძნებულ შემეცნებით, შემოქმედებით აქტივობებს ნახავენ: გიგანტური გასაფერადებლები, თავისუფალი ხატვა მოლბერტებზე, ფიროსმანის გაცოცხლებული პერსონაჟები და სხვ.
ასევე სტუმრები მოისმენენ საინტერესო ლექციას – მწერალი დავით ტურაშვილი ხელოვნებაზე ისაუბრებს.
საღამო კონცერტით დასრულდება.
ნიკო ფიროსმანი (1862-1918) XX საუკუნის უდიდესი ქართველი მხატვარია. იგი სიღარიბეში ცხოვრობდა და სიღარიბეშივე გარდაიცვალა. გარდაცვალების შემდეგ კი მსოფლიომ აღიარა როგორც უდიდესი მხატვარი. მხატვრის სურათების უმრავლესობა, 146 ტილო დაცულია თბილისში, საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში.