თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. ინგლისური ჩემპიონშიპის გუნდის „ჰალ სიტის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა შოთა არველაძემ დუმილი დაარღვია და კლუბიდან წასვლის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.
„არის საკითხები, რომლებიც დროთა განმავლობაში სწორ მიდგომას მოითხოვს. ჯამში რიგ საკითხებთან მიმართებით ჩვენი პოზიციები გაიყო, რაც ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდა. თუმცა, იმედი მაქვს, რომ „ჰალ სიტი“ წარმატებული კლუბი გახდება“, – დაწერა არველაძემ სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, ჩემპიონშიპში მუშაობა მისი დიდი ხნის ოცნება იყო, რომლის ასრულებაშიც „ჰალი“ დაეხმარა.
„იმ კუნძულზე მუშაობა და ცხოვრება, რომელიც ნებისმიერი მწვრთნელისთვის და ფეხბურთელისთვის საოცრებათა ქვეყანაში მოგზაურობას ჰგავს, ბედნიერებას მანიჭებს და მიხარია, რომ „ჰალ სიტიმ“ ერთ-ერთი მთავარი ოცნების ახდენის შესაძლებლობა მომცა“, – დაწერა არველაძემ.
შოთა არველაძის თქმით, როცა რვა თვის წინ „ჰალ სიტიში" მივიდა, სხვა შედეგს ელოდა, რომლის მიღწევაც ვერ მოხერხდა.
ქართველმა მწვრთნელმა მადლობა გადაუხადა კლუბის ხელმძღვანელობას, ფეხბურთელებს და გულშემატკივრებს.
ინგლისის პრემიერშიფის 11 ტურის შემდეგ „ჰალ სიტის“ 11 ქულა აქვს და 24-გუნდიან ჩემპიონატში მე-20 ადგილზეა.
შოთა არველაძემ „ჰალ სიტი“ 2022 წლის იანვარში ჩაიბარა და თანამდებობაზე ჩრდილოეთ ირლანდიელი გრანტ მაკანი შეცვალა.