თბილისი, 4 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2022 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, 22,3 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მშპ-ის 104,8 პროცენტია, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე.
2022 წლის მეორე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 268,8 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან ოპერაციული ცვლილების გამო ვალი 662,3 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, ხოლო ფასების, საკურსო და სხვა ცვლილებების გამო ვალი, შესაბამისად, 290,2 მლნ დოლარით, 73,2 მლნ დოლარით და 30,1 მლნ დოლარით შემცირდა.
სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 10,2 მლრდ დოლარი, რაც მშპ-ის 47,8 პროცენტია. აქედან სამთავრობო სექტორის ვალია 7,6 მლრდ დოლარი, ეროვნული ბანკის ვალდებულებები – 899 მლნ დოლარი, ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, 424,3 მლნ დოლარი და 1,3 მლრდ დოლარია.
საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 5,6 მლრდ დოლარი, კერძო საწარმოების საგარეო ვალმა – 4,9 მლრდ დოლარი, ხოლო კომპანიათაშორისო ვალმა – 3,4 მლრდ დოლარი.
საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2022 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, 13 მლრდ დოლარი შეადგინა. აქედან სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 6,2 მლრდ დოლარია, რაც მშპ-ის 29,2 პროცენტია.