თბილისი, 4 ოქტომბერი – Sputnik. საქართველო შეასრულებს ყველა რეკომენდაციას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ევროპულმა საბჭომ ივნისში მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და ა.შ.
„ჩვენი ხელისუფლება ჩართულია, მაქსიმალურად მოტივირებულია, რომ 12-ვე რეკომენდაცია უმოკლეს ვადაში იქნეს შესრულებული“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მიერ ევროკომისიის ყველა რეკომენდაციის შესრულების ვალდებულება იქნება ქვეყნის მთავარი გზავნილი ევროკავშირის ლიდერების სამიტზე პრაღაში, სადაც ის მიწვეულია.
მთავრობის მეთაურმა ასევე მიმართა ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციის ნაწილს და მოუწოდა მიიღოს მონაწილეობა სამუშაო ჯგუფებში, რომლებიც რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობენ.
„ყველა ოპოზიციური პარტიისთვის ყველა კარი არის ღია და ახლა მთავარი არის, რომ მათი ჩართულობა უზრუნველვყოთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
1 ივლისიდან მმართველი პარტია სამუშაო ჯგუფების ფარგლებში ოპოზიციის ნაწილისა და სამოქალაქო სექტორის ერთი ნაწილის მხარდაჭერით ევროკავშირის პირობების შესრულებაზე მის მიერ შემუშავებული გეგმით მუშაობს.
ოპოზიციის დანარჩენი ნაწილმა შეიმუშავა საკუთარი წინადადებები ალტერნატიულ ფორმატში, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით.
მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ შეთავაზებულ ფორმატში მუშაობაზე უარი ოპოზიციონერებმა იმით ახსნეს, რომ ხელისუფლება რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობას გარკვეული დათქმებით დათანხმდა. ოპოზიციის განმარტებით, ეს დათქმები „ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას“.