კობახიძე „ხალხის ძალაზე“: ღირებულებებში არსებითი განსხვავება არ გვაქვს

მმართველმა პარტიამ პარლამენტში უმრავლესობა დაკარგა – ახლა მას მხოლოდ 75 დეპუტატი ჰყავს.
Sputnik
თბილისი, 4 ოქტომბერი – Sputnik. „ქართულ ოცნებას“ სჭირდება დეპუტატების მხარდაჭერა საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალიდან“, განაცხადა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
დეპუტატები „ქართული ოცნებიდან“ ეკა სეფაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, დავით კაჭარავა, დაჩი ბერაია და ზაალ მიქელაძე „ხალხის ძალას“ შეუერთდნენ.
მოძრაობა „ხალხის ძალა“ აგვისტოს დასაწყისში პარლამენტის დეპუტატებმა სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ, მიხეილ ყაველაშვილმა და გურამ მაჭარაშვილმა დააფუძნეს. მათი განმარტებით, „ქართული ოცნება“ იმიტომ დატოვეს, რომ თავისუფლად გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები და საზოგადოებას მეტი ინფორმაცია მიაწოდონ.

„ჩვენ ტაქტიკური შეუთანხმებლობა გვაქვს იმასთან დაკავშირებით, თუ რა დოზით უნდა ითქვას სიმართლე გარკვეულ საკითხებზე, რა ფორმით უნდა გაკეთდეს განცხადებები... ღირებულებით ნაწილში „ქართულ ოცნებასა“ და „ხალხის ძალას“ შორის განსხვავება არ არის. ეს იმის საშუალებას გვაძლევს, რომ გაყოფის მიუხედავად ჩვენ ერთად დავრჩეთ საპარლამენტო უმრავლესობაში“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, ხუთი დეპუტატის წასვლის შემდეგ „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში უმრავლესობა აღარ ჰყავს, ამიტომ მნიშვნელოვანია მოძრაობასთან თანამშრომლობა.
„75 დეპუტატი გვყავს... მათ გარეშე საპარლამენტო გადაწყვეტილებების მიღება გაგვიჭირდება“, – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, „ხალხის ძალის“ წარმომადგენლებმა კონსულტაციების დროს „ოცნება“ დაარწმუნეს, რომ ისინი მხარს დაუჭერენ „პრინციპულად საერთო გადაწყვეტილებებს“, მათ შორის, ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების ფარგლებში შემუშავებულ კანონპროექტებს. საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად 12 პირობა უნდა შეასრულოს.
მოძრაობა „ხალხის ძალა“ ცნობილია თავისი მკვეთრი განცხადებებით საქართველოში აშშ-ის საელჩოსა და ელჩ კელი დეგნანის მისამართით.
ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში უმრავლესობა დაკარგა>>
დეპუტატებმა, რომლებმაც მმართველი პარტია დატოვეს, არაერთხელ მოუწოდეს კელი დეგნანს, ღიად გამიჯვნოდა უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებს, ასევე ქართული რადიკალური ოპოზიციის პროვოკაციებს, მათ მოწოდებებს, საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ დააწესოს სანქციები, რომელიც მხოლოდ საქართველოს დააზარალებს, მათ რევოლუციურ განწყობას და ქვეყნის ომში ჩართვის მცდელობას.
როდესაც სასურველი პასუხი ვერ მიიღეს, დეპუტატებმა განაცხადეს, რომ ეს ყველაფერი აფიქრებინებთ, რომ რადიკალური ოპოზიციის უკან ამერიკის საელჩო დგას.
„ხალხის ძალას“ პარლამენტის დეპუტატები შეუერთდნენ>>
კელი დეგნანმა ამ დეპუტატების განცხადებები შეაფასა, როგორც შეთქმულებისა და სიცრუის რუსულ დეზინფორმაციაზე დაფუძნებული თეორია. მისი თქმით, ვაშინგტონის წარმომადგენლები დაბნეული არიან და ვერ იგებენ, რატომ არ ემიჯნება საქართველოს მთავრობა ამას.
მოგვიანებით პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ პოლემიკის შემდგომი გაფართოება და გაღრმავება ქვეყნის ინტერესებში არ შედის, რადგან ეს აშშ-თან ურთიერთობებს შეასუსტებს.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს