დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი კონსენსუსის გარეშე მიღებული არ იქნება - კობახიძე

ხელისუფლება და ოპოზიცია დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტზე ვერ თანხმდებიან.
Sputnik
თბილისი, 4 ოქტომბერი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ უარს იტყვის დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის მიღებაზე, თუ ამ საკითხზე ოპოზიციასთან კონსენსუსი ვერ მოხერხდა, განაცხადა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
დეოლიგარქიზაცია 12-დან ერთ-ერთი პირობაა, რომელიც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად უნდა შეასრულოს. მანამდე ოპოზიციური პარტიების ნაწილმა, მათ შორის „ნაციონალურმა მოძრაობამ“, უარი თქვა ევროკავშირის პირობებზე ხელისუფლების გეგმით მუშაობაზე და ალტერნატიული პროცესი წამოიწყო.

„უკრაინული კანონი ავიღეთ, რომელიც ყველამ მოიწონა და ვთავაზობთ ოპოზიციას. თუ მოინდომებენ ამაში თანამონაწილეობას, მზად ვართ კანონი მივიღოთ, თუ არა, მაშინ არ მივიღებთ. თუ კანონის მიღების საკითხის გარშემო კონსენსუსი არ იქნება, ჩვენც კანონს არ მივიღებთ“, – განუცხადა კობახიძემ ჟურნალისტებს.

კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირის ყოფილმა ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა უფრო ადრე განაცხადა, რომ ეს კანონი არ არის საჭირო.
„თუ ევროკავშირსაც და ოპოზიციასაც მიაჩნიათ, რომ ეს კანონი არ გვჭირდება, არ მივიღებთ“, – დაამატა კობახიძემ.
დეოლიგარქიზაცია ქართულად - ვინ შეიძლება მოხვდეს ოლიგარქების სიაში?>>
მისი თქმით, ოპოზიცია კანონის მიღების წინააღმდეგი ერთი მიზეზის გამოა – მათ ნახეს, რომ კანონი არ შეეხება „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს და მის ნაცვლად შეეხება მათ წარმომადგენლებს. მათ არ აწყობთ კანონის მიღება, აღნიშნა კობახიძემ.
„გუშინ საუბრობდნენ იმაზე, რომ ისეთ კანონს შეიმუშავებენ, რომელიც მორგებული იქნება ივანიშვილზე. ეს თქვეს ღიად და საჯაროდ. ელემენტარულად, ვერ ერკვევიან სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის არსში. კანონის მიღების დროს ერთ-ერთი მთავარი პრინციპი არის ის, რომ არ შეიძლება ის რომელიმე პიროვნებაზე იყოს მორგებული“, – განაცხადა კობახიძემ.
ოპოზიციის რეაქცია
„ქართული ოცნება“ არ მიიღებს კანონს, რომელიც ქვეყნის განვითარებას შეუწყობს ხელს, მიიჩნევს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია.
„ისინი, მათ შორის პარლამენტში, მიიღებენ ყველა კანონპროექტს, რომელსაც ჩათვლიან საჭიროდ“, – განაცხადა მელიამ.
ის დარწმუნებულია, რომ პარლამენტში დეოლიგარქიზაციის კანონპროექტზე მუშაობა ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე გავლენას ვერ მოახდენს.

„გამორიცხულია დემოკრატიული კანონშემოქმედებითი ცხოვრება არსებობდეს პარლამენტში, სადაც მონურ მორჩილებაში ჰყავს ივანიშვილს დეპუტატები... აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ოპოზიციას უახლოეს პერიოდში მოგვიწევს გადაწყვეტილებების მიღება სხვადასხვა მიმართულებით“, – განაცხადა მელიამ.

უკრაინული კანონის მიხედვით, ოლიგარქად მიიჩნევა ადამიანი, რომელიც ოთხი ძირითადი კომპონენტიდან სამს აკმაყოფილებს: აქვს განსაზღვრული რაოდენობის ფული, მონაწილეობს პოლიტიკურ ცხოვრებაში, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე, არის მონოპოლისტი კონკრეტულ ეკონომიკურ საქმიანობაში.
ქართული ოპოზიცია და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები ერთადერთ ოლიგარქად საქართველოში ბიძინა ივანიშვილს მიიჩნევენ. ექს-პრემიერი ივანიშვილი პოლიტიკიდან 2021 წლის იანვარში წავიდა.
„ნაცმოძრაობა“ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის ქართული ვერსიის შემუშავებას ითხოვს>>
საქართველოს ხელისუფლებაში კატეგორიულად უარყოფენ ივანიშვილის მონაწილეობას ქვეყნის მართვაში. უფრო მეტიც, მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის უკრაინული მოდელის მიღების შემთხვევაში ის შეეხება ოპოზიციის წარმომადგენლებს.
მათ შორის არიან პარტია „ლელოს" ლიდერები, ყოფილი ბანკირები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ დამაარსებელი, ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, პარტია „პროგრესი და სამართლიანობის“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი, ასევე საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ამჟამად ოპოზიციური ტელეარხი „ფორმულის" მფლობელი დავით კეზერაშვილი, რომელიც შიდასახელმწიფოებრივ ძებნაშია.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს