ბავშვობიდან გამოყოლილი პატარა სიხარულები და ბედნიერება, რომელიც წვრილმანებშია

მარიკა ორჯონიკიძემ ზუსტად არ იცის რომელი უფრო ადრე ჩამოყალიბდა მის პერსონაში: მათემატიკოსი, მხატვარი თუ პოეტი. იმის თქმა კი დანამდვილებით შეუძლია, რომ მასში ისევ ცოცხლობს „პატარა გოგონა ორი დიდი ნაწნავით, რომელიც მუდამ ნატვრისთვალს ეძებდა“.
Sputnik
პროფესიით ეკონომისტი-მათემატიკოსია. სკოლა მის ცხოვრებაში 1993 წლიდან გაჩნდა. დღემდე მეხუთე საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელია. ერთნაირად კარგად წერს და ხატავს. მისი ნახატები გამოიფინა ფესტივალის „#მეხელოვნება“ ფარგლებში გამართულ გამოფენაზე „100 გონება“, გამოსცა ლექსების კრებული „ის მზე, რომელიც სახლობდა ჩემში“.
მარიკა ორჯონიკიძე
- ქალბატონო მარიკა, რაში ეხმარება ბავშვს მათემატიკა, რა თვისებებს უყალიბებს?
- მათემატიკა ზუსტი მეცნიერებაა და თუ მოსწავლეს ამის ნიჭი აქვს, სხვა მეცნიერებების სწავლა გაუადვილდება. შესაძლებელია ყველამ ერთ დონეზე კარგად ვერ ისწავლოს, მაგრამ პასუხისმგებლობის გრძნობა, ფიქრი, ყურადღების კონცენტრაცია, რომელიც ბავშვს უნდა განუვითარდეს, მათემატიკაში ყველაზე კარგად შეიძლება. პედაგოგობაზე არასდროს მიოცნებია, სკოლაში მათემატიკა რომ ვიცოდი კარგად და მიყვარდა, ეს ჩემი პედაგოგის ლევან კიკნაძის დამსახურებაა. კიდევ ბაბუის გენების, რადგან ის მათემატიკოსი იყო.
მარიკა ორჯონიკიძე
- ცოდნის გარდა რა შეუძლია ასწავლოს პედაგოგმა მოსწავლეს?
- მოსწავლეს, პირველ რიგში, საკუთარი თავის პოვნაში, შესაძლებლობების გამოვლენაში უნდა დაეხმაროს, რომ მიხვდეს, რა უნდა ცხოვრებაში. შეიძლება რაიმე კარგად გამოსდიოდეს, მაგრამ უნდა გააჩნდეს იმ საქმის სიყვარული, რომელსაც აირჩევს.
მარიკა ორჯონიკიძის შემოქმედება
- პოეზიას როდის და რატომ შეეფარეთ?
- ძალიან ბევრი ტკივილი გადავიტანე და ამან უფრო გამაძლიერა. როცა ჩემი მეუღლე ვაჟა ლებანიძე 37 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა, ჩემი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა. დამრჩა ორი შვილი, ექვსი და რვა წლის. ამას დაერთო უძრაობის პერიოდი და ძალიან ბევრი პრობლემის წინაშე აღმოვჩნდი. ისინი ჩემმა არაჩვეულებრივმა მეგობრებმა გადამატანინეს. როდესაც სულიერი საზრდო შემომაკლდა, ლექსების წერა დავიწყე. ხატვა ძვირი სიამოვნება იყო.
მოსწავლეებთან ერთად
- როდის დაუბრუნდით ხატვას?
- დიახ, ხატვა ბავშვობაშიც მიყვარდა, მაგრამ 23 წლის ასაკში არანორმალურმა სურვილმა მაიძულა ისევ მეხატა მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ერთი წლის შვილი მყავდა და სახატავად დიდად არ მეცალა. ამ სურვილს ხელი ომიანობამ და უძრაობის წლებმა შეუშალა. 2015-2016 წლებში შევძელი ხატვა კვლავ გამეგრძელებინა.
მარიკა ორჯონიკიძის შემოქმედება
- როდის იყავით ყველაზე ბედნიერი?
- ცხოვრებაში მქონდა პერიოდი, როცა ყველაფერი მქონდა და პერიოდი, როცა აღარაფერი დამრჩა იმედის გარდა. ამ ყველაფერმა ბევრი რამ მასწავლა. ბავშვობიდან გამოყოლილი პატარა სიხარულები უკლებლივ მახსოვს. მაგალითად, მახსოვს, დედა როგორ მეფერებოდა: „ჩემო ქვეყნიერების თვალო“, „ჩემო ყინწვისის ანგელოზო“, „ჩემო აბრეშუმო“. მახსოვს დიდი თოვლის მოსვლით გამოწვეული სიხარული, მერე მისი დნობა და იებითა და ენძელებით მოფენილი გზისპირები. მახსოვს იმდროინდელი ხმები და სურნელიც. დღეს ვიცი, რომ ბედნიერება წვრილმანებშია…
ნინო მამულაშვილი