ლისი-მუხათწყაროს გზაზე მეწყერსაწინააღმდეგო სამუშაოები დასრულდა

ლისი–მუხათწყარო–მსხალდიდის და ნაფეტვრებთან დამაკავშირებელი გზა გასული წლის 1 ივლისიდან გადაკეტილია.
Sputnik
თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. ლისი–მუხათწყარო–მსხალდიდის დამაკავშირებელ გზაზე მეწყერსაწინააღმდეგო სამუშაოები დასრულდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
მეწყრული პროცესები სოფელ მსხალდიდის მონაკვეთზე 2021 წლის 30 ივნისს გააქტიურდა, რაც უხვმა ნალექმა და ქანებში მისმა ჩაჟონვამ გამოიწვია. სპეციალისტების რეკომენდაციით აღნიშნული მონაკვეთი ჩაიკეტა, შესაბამისად, საავტომობილო გადაადგილება შეიზღუდა.
ფერდობის გამაგრების სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა. პროექტის ღირებულებამ 5 მილიონ ლარს გადააჭარბა.
ქართველ სპეციალისტებთან ერთად სამუშაოებში ჩართული იყვნენ გერმანელი და ავსტრიელი სპეციალისტები.
როგორც ადრე გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსმა მერაბ გაფრინდაშვილმა განაცხადა, მეწყრული მასის შესაძლო ტრაექტორიის შესწავლამ აჩვენა, რომ იგი მოსახლეობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, რადგან ამ მიმართულებით გზაზე ღრმა ხევია.
სოფლები ლისი, მუხათწყარო, მსხალდიდი, ნაფეტვრები მცხეთის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის, თუმცა ტერიტორიულად თბილისთან ახლოს, ლისის ტბასთან მდებარეობს.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს