თბილისი, 2 ოქტომბერი – Sputnik. ბათუმი, როგორც ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულება, ტურიზმის სფეროში ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს, World Travel Awards-ის მფლობელი მეორედ გახდა, წერს აჭარის მთავრობის მეთაური თორნიკე რიჟვაძე სოციალურ ქსელში.
პირველად ტურისტული „ოსკარის“ მფლობელი ბათუმი 2019 წელს გახდა.
„World Travel Awards-ის დაჯილდოების ცერემონიაზე ბათუმმა ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ჯილდო მოიპოვა. ბათუმი ოფიციალურად დასახელდა, როგორც 2023 წლის World Travel Awards-ის დაჯილდოების ღონისძიების მასპინძელი ქალაქი“, – დაწერა რიჟვაძემ.
ბათუმის მერიის ცნობით, World Travel Awards-ის პრესტიჟულ დაჯილდოებაზე ბათუმმა 10 ქვეყნის ტურისტულ მიმართულებაზე მოიპოვა გამარჯვება.
პრესტიჟული დაჯილდოება 1993 წლიდან იმართება. დაჯილდოებაზე ასობით ნომინაცია და ათასობით ნომინანტი კონტინენტებისა და ქვეყნების მიხედვით სხვადასხვა კატეგორიებშია გადანაწილებული. მათ შორისაა წამყვანი სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები, ტურისტული ატრაქციები, მიმართულებები, ტუროპერატორები, ასევე საზღვაო, საგზაო, საჰაერო ტრანსპორტის კომპანიები და ა.შ.