თბილისი, 2 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, „საქართველოს საპატიო კონსულების კონფერენცია - თანამშრომლობა მტკიცე პარტნიორობისათვის" გაიმართა -
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საპატიო კონსულები მსოფლიოს 50-ზე მეტი ქვეყნიდან, ნათქვამია უწყების პრესსამსახურის განცხადებაში.
კონფერენცია საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და საგარეო მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა გახსნეს.
„მოხარული ვარ, რომ აღვადგინეთ საქართველოს საპატიო კონსულების შეხვედრების ტრადიცია. სიამოვნებით მინდა აღვნიშნო, რომ 2014 წელს გამართული პირველი შეხვედრის შემდეგ, საქართველოს საპატიო კონსულების რაოდენობა 19-დან - 85-მდე გაიზარდა, 64 ქვეყანაში. ეს ფაქტი ნათლად მეტყველებს, თუ რაოდენ მოწადინებული ვართ კიდევ უფრო გავაფართოვოთ საქართველოს საპატიო კონსულების ქსელი მსოფლიო მასშტაბით“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა თემატური პანელები, სადაც მონაწილეებმა განიხილეს საქართველოს საგარეო პოლიტიკის, ეკონომიკური და კულტურული დიპლომატიის საკითხები, ასევე საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის არსებული შესაძლებლობები.
ყურადღება გამახვილდა სავაჭრო ურთიერთობებისა და ბიზნეს კონტაქტების და სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის კავშირების გაძლიერებაზე, ასევე საინვესტიციო პროექტების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს 64 ქვეყანაში 85 საპატიო კონსულები ჰყავს.
ღონისძიებაში საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმაც მიიღეს მონაწილეობა.