რაზე იმსჯელეს ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე

საბჭოს წევრებმა 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულ პროექტებსა და პროგრამებზე გაამახვილეს ყურადღება.
Sputnik
თბილისი, 1 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა, იუწყება მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური.
საბჭოს წევრებმა განიხილეს, ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ ტენდენციები, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები.
სხდომაზე ყურადღება გამახვილდა 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულ პროექტებსა და პროგრამებზე. ხაზი გაესვა ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით მომავალი წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტში დაგეგმილი პროექტების მნიშვნელობას.
„აღინიშნა, რომ რეგიონში და მსოფლიოში შექმნილი ვითარების მიუხედავად, ქვეყანას ორნიშნა ეკონომიკური ზრდა აქვს და არსებული პოზიტიური ტენდენციის შესანარჩუნებლად მთავრობის ეკონომიკური გუნდი მუშაობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
წყარო - მთავრობის ადმინისტრაცია