პრემიერი: მსოფლიოში არსებული ვითარების ფონზე უპრეცედენტოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა გვაქვს

ღარიბაშვილმა საზოგადოების კონსოლიდაციისა და სტაბილურობის შენარჩუნების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
Sputnik
თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. ევროპაში არსებული რთული სიტუაციის ფონზე საქართველომ შეძლო სტაბილურობის შენარჩუნება და ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მიღწევა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე.

„ყველა ევროპული სახელმწიფო რეცესიას ელოდება... ახლა საუბარი მიდის არა ეკონომიკის ზრდასა და სამუშაო ადგილების შექმნაზე, არამედ იმაზე, როგორ გაათბონ საკუთარი მოქალაქეები. ამას არ ვაჭარბებ. ეს არის ზოგიერთი ევროპული ქვეყნის მთავრობის საზრუნავი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ევროპა რუსულ გაზზე ეტაპობრივად ამბობს უარს.
„ევროპაში სიტუაცია ძალზე რთულია. ამას სჭირდება კარგი გააზრება. ასეთი რადიკალური სიტუაციის ფონზე, რაც ხდება ევროპაში, უკრაინაში, ჩვენ მოვახერხეთ არა მარტო მშვიდობის, სტაბილურობის და უსაფრთხოების შენარჩუნება, არამედ უზრუნველვყავით ორნიშნა ეკონომიკური ზრდა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველო უნდა გაუფრთხილდეს ამ მიღწევებს.
„ქვეყნის შიგნით ჩვენ გვჭირდება მაქსიმალური კონსოლიდაცია, სიმშვიდე, ნაკლები ემოციები, სტაბილურობის შენარჩუნება და მაღალი ეკონომიკური ზრდა, განვითარება და ჩვენი ხალხის კეთილდღეობა. მადლობა ღმერთს, ჩვენ ეს მოვახერხეთ და ამას სჭირდება შენარჩუნება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემებით, საქართველოს მშპ-ის რეალურმა ზრდამ 2022 წლის აგვისტოში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 10,05% შეადგინა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს