თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) და საერთაშორისო კომპანია „სმარტმატიკმა“ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური მაჟორიტარული არჩევნების ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარებას.
სენაკის საარჩევნო ოლქის სამ უბანზე მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნები 1 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნების დანიშვნის მიზეზი საკრებულოში პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის ვახტანგ წურწუმიას უფლებამოსილების შეწყვეტა გახდა.
„სენაკის საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის სამივე საარჩევნო უბანი აღიჭურვება სხვადასხვა ტექნიკური საშუალებით და უზრუნველყოფილი იქნება სათანადო ტექნიკური მხარდაჭერა“, – განაცხადა ცესკოს ხელმძღვანელმა გიორგი კალანდარიშვილმა.
შეთანხმების თანახმად, სენაკში არჩევნებზე პირველად იქნება გამოყენებული სინქრონიზებული ვერიფიკაციის აპარატები, რაც ნიშნავს, რომ ამომრჩეველი ნებისმიერ თავისუფალ რეგისტრატორთან შეძლებს მისვლას და რეგისტრაციის (ვერიფიკაციის) პროცედურის გავლას.
„ეს, თავის მხრივ, შეამცირებს საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა რიგებს და გაამარტივებს პროცედურას“, – ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.
კალანდარიშვილის თქმით, ცესკოს ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვანია პილოტირების პროცესში აღნიშნული აპარატების უპირატესობების პრაქტიკაში ნახვა. საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა ტიპის არჩევნები ჩატარდეს მაღალ პროფესიულ დონეზე, თქვა მან.
გარდა ამისა, მხარეებს შორის გაფორმდა კიდევ ერთი ხელშეკრულება, რომლის თანახმად, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციას დონაციის სახით გადმოეცა 60 ცალი საარჩევნო ყუთი, რომელიც განკუთვნილია ტექნიკური საშუალებებით არჩევნების ჩასატარებლად.
სენაკის საკრებულო ამჟამად თავმჯდომარის გარეშეა დარჩენილი. სენაკის რაიონულმა სასამართლომ აგვისტოს შუა რიცხვებში უკანონოდ ცნო ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ წევრის ირაკლი კაჭარავას საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე არჩევა.
ახალი თავმჯდომარის არჩევა კი შეუძლებელია, რადგან საკრებულოში არც მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ და არც ოპოზიციას უმრავლესობა არ ჰყავთ. წურწუმიას წასვლის შემდეგ სენაკის საკრებულოში მმართველ პარტიას და ოპოზიციას 16–16 მანდატი აქვთ.
ამრიგად, ახალი მაჟორიტარი დეპუტატის არჩევა მუნიციპალიტეტის საკრებულოში უმრავლესობის ჩამოსაყალიბებლად გადამწყვეტი იქნება.