თბილისი, 29 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ნაკრებისა და კვიპროსის „ანორთოსისის" მეკარე გიორგი ლორია, რომელმაც უეფას ერთა ლიგის გასვლით მატჩში გიბრალტართან მუხლის ტრავმა მიიღო, უახლოეს მომავალში მოედანზე დაბრუნებას შეძლებს, იუწყება კვიპროსული მედია.
სპორტული გამოცემების ინფორმაციით, დიაგნოზის დასაზუსტებლად მეკარეს MRI კვლევა ჩაუტარდა და რაიმე სერიოზული დაზიანება არ გამოვლენილა.
„საქართველოსა და გიბრალტარის მატჩში ლორიამ პირველი 45 წუთის თამაშის შემდეგ ტრავმის გამო მოედანი დატოვა. მას გუნდის ტექნიკური და სამედიცინო ჯგუფი შაბათის მატჩამდე შეაფასებს. თუმცა, ლორიას სერიოზული არაფერი სჭირს და, როგორც ჩანს, თამაშში მისი მონაწილეობა უფრო მზადყოფნის საკითხს უკავშირდება“, – წერს კვიპროსული გამოცემა.
36 წლის ქართველი მეკარე „ანორთოსისის“ შემადგენლობაში 2019 წლიდან თამაშობს, როდესაც კლუბს თემურ ქეცბაია ხელმძღვანელობდა. საქართველოს ნაკრებში მისი დებიუტი 2008 წლის 27 მაისს შედგა ესტონეთის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში (1:1).