თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს აფხაზეთში ვიზიტს „მიუღებელი და აღმაშფოთებელი" უწოდა.
გუშინ საქართველოში ბელარუსის ელჩი ანატოლი ლისი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, სადაც ქართულმა მხარემ გამოხატა პროტესტი ლუკაშენკოს აფხაზეთში ჩასვლის გამო.
ლუკაშენკო საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად აფხაზეთის ტერიტორიას ოთხშაბათს ეწვია. რესპუბლიკის დე ფაქტო პრეზიდენტთან ასლან ბჟანიასთან შეხვედრაზე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ წინა დღეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან განიხილავდა აფხაზეთის პრობლემებს, მხარეები „მივიდნენ დასკვნამდე, რომ აფხაზეთის მიტოვება არ შეიძლება" და მას დახმარება სჭირდება.
„ძალიან ცინიკური მიდგომაა, როცა ბელარუსის პრეზიდენტი აფხაზეთში ოკუპაციის კანონის დარღვევით, საერთაშორისო სამართლის ყველა წესისა და პრინციპის, ასევე ჩვენი ვითომ მეგობრული ურთიერთობების დარღვევით ჩავიდა. ძალიან მიხარია, რომ აქამდე გავაჭიანურე ეს საკითხი და ხელი არ მოვაწერე ბელარუსში საქართველოს ახალი ელჩის დანიშვნას. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი წესები, ჩვენი ტერიტორია, ჩვენი პრინციპები და ყველას უნდა მოვთხოვოთ, რომ დაიცვას ისინი“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, მსოფლიოში ისეთი მოვლენები ხდება, რასაც ადრე ვერავინ წარმოიდგენდა.
„თუმცა, ჩვენ უნდა გვეყოს გამბედაობა, რომ დავინახოთ ის მსოფლიო, რომელიც იცვლება. ერთი თაობა უკვე წავიდა და ახალი თაობა მოვიდა. ჩვენ ახალგაზრდობას და ყველას ერთად უნდა დავანახოთ, თუ რა არის პერსპექტივა და როგორია ის გაერთიანებული საქართველო, რომელზეც ვოცნებობთ“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
საქართველომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე კონტროლი 1990-იანი წლების დასაწყისში, შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ დაკარგა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ კი რუსეთმა მათი დამოუკიდებლობა აღიარა.
ბელარუსს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა არ უღიარებია.