გარდაიცვალა მხატვარი ჯიბსონ ხუნდაძე

ხუნდაძის ნამუშევრები დაცულია საქართველოს ხელოვნების მუზეუმში, კულტურის სამინისტროს ფონდში, საფრანგეთის, აშშ-ის, იტალიის, ავსტრიის კერძო კოლექციებში.
Sputnik
თბილისი, 29 სექტემბერი – Sputnik. ქართველი მხატვარი ჯიბსონ ხუნდაძე 94 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორი გია გუგუშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ჯიბსონ ხუნდაძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი. სხვადასხვა წლებში იყო ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებლის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების განყოფილების, საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტის ხატვა-ფერწერის პედაგოგი.
მისი გამოფენები არაერთ ქვეყანაში მოეწყო, მათ შორის საქართველოში, რუსეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, პოლონეთში, იაპონიაში, უკრაინაში, ისლანდიაში, შვეიცარიაში.
ხუნდაძე იყო მე-6 მსოფლიო ფესტივალის ლაურეატი, ფესტივალ „თბილისური გაზაფხულის“ ლაურეატი, ასევე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის გრან-პრის მფლობელი.
მიღებული აქვს საქართველოს ეროვნული პრემია, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, ასევე საქართველოს სახელმწიფო პრემია, ნიკო ფიროსმანის სახელობის პრემია. არის ღირსების ორდენის კავალერი.