თბილისი, 29 სექტემბერი − Sputnik. ღვიძლის სტეატოზი, ან ცხიმოვანი ღვიძლი „მდუმარე დაავადებაა“, ვინაიდან ის შესაძლოა დიდხანს უსიმპტომოდ ან მცირედ გამოხატული კლინიკური ნიშნებით მიმდინარეობდეს მანამ, სანამ ორგანოზე ნაწიბურები არ გაჩნდება, აცხადებენ სპეციალისტები.
თუმცა, მათი თქმით, არსებობს რამდენიმე ნიშანი, რომელთა ცოდნაც ამ ვერაგი დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენაში დაგეხმარებათ. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან თუ ღვიძლზე ნაწიბურები გაჩნდება, ამ ორგანოს პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება უკვე შეუძლებელია.
კლივლენდის კლინიკის სპეციალისტების თქმით:
ცხმოვანი ღვიძლით დაავადებული პაციენტები ხშირად უჩივიან ერთისა და იმავე სახის დისკომფორტს − მუცლის მარჯვენა ზედა მხარეში ჭარბი სისავსის შეგრძნებას, ან მუცლის ტკივილს.
ამიტომ, თუ მსგავსი სიმპტომი რამდენჯერმე შენიშნეთ, კარგი იქნება, თუ ექიმთან კონსულტაციას გაივლით.
გარდა ამისა, ცხიმოვანი ღვიძლის გამოსავლენად ექიმები ასევე გვირჩევენ ყურადღების გამახვილებას ხელებზე, ვინაიდან, მათი თქმით, სწორედ ხელების კანის ფერი, ფრჩხილების მდგომარეობა და თითების ფორმა იძლევა ბევრ წინასწარ ინფორმაციას ღვიძლის ჯანმრთელობის შესახებ.
British Liver Trust-ის მონაცემებით, ღვიძლის ცხინმოვან დაავადებაზე მეტყველებს:
ხელისგულების სიწითლე და ლაქებით დაფარვა — საწყის სტადიაზე;
თითების ზედა ნაწილების ქვედაზე მეტად გაფართოება — ეს უკვე ღვიძლზე ნაწიბურების გაჩენაზე მეტყველებს;
ხელების უნებლიე და უმიზეზო კანკალი;
ფრჩხილების გათეთრება — გამომდინარე იქიდან, რომ დაავადებული ღვიძლი ფუნქციონირებას ცდილობს.
გარდა ამისა, ცხიმოვან ღვიძლზე ასევე შეიძლება მიანიშნებდეს შემდეგი შედარებით ფართოდ ცნობილი სიმპტომებიც:
გამუდმებული დაღლილობისა და სისუსტის შეგრძნება;
მადის დაკარგვა;
წონაში კლება და გამოფიტვა;
პირღებინება და გულისრევის შეგრძნება;
და, რაღა თქმა უნდა, ტკივილი ღვიძლის არეში.
ექიმების თქმით, ღვიძლის გაცხიმოვნებამ შესაძლოა კანზე წვრილი სისხლძარღვების გროვები გააჩინოს, რაც ობობის მსგავსი ანგიომის სახელითაა ცნობილი.
წყარო: Express