მსოფლიო დღეს

ახალი კანონი: უნგრეთში ქალებს აბორტის გაკეთებამდე ნაყოფის გულისცემას ასმენინებენ

Sputnik
თბილისი, 28 სექტემბერი − Sputnik. უნგრეთის პრემიერ ვიქტორ ორბანის ახალი ბრძანებულებით ქალები, რომლებსაც აბორტის გაკეთება სურთ, ვალდებული არიან, მოუსმინონ ნაყოფის გულისცემას, ვიდრე პროცედურის ჩატარების ნებართვას მიიღებენ, იუწყება გამოცემა Guardian.
გავრცელებული ინფორმაციით, ბრძანებულება ძალაში მიმდინარე წლის 15 სექტემბერს შევიდა.
როგორც ქვეყნის მთავრობაში ირწმუნებიან, უნგრელების ორი მესამედი მიიჩნევს, რომ ბავშვის სიცოცხლე მისი პირველი გულისცემიდან იწყება.
გავრცელებული ინფორმაციით, ორბანის მთავრობა, რომელიც ხელისუფლებაში 2010 წელს მოვიდა, ხელს უწყობს ქვეყანაში „ტრადიციული ოჯახური ფასეულობების“ პოპულარიზაციას და არაერთ ზომას იღებს უნგრეთში შობადობის გაზრდის მიზნით.
გამოცემის ცნობით, 1992 წლის შემდეგ ეს პირველი ცვლილებაა აბორტების შესახებ კანონში. მანამდე მოქმედი კანონმდებლობით, ორსულობის შეწყვეტა პირველი 12 კვირის განმავლობაში იყო დაშვებული სამედიცინო ან სოციალური მიზეზებით. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ნაყოფს სიცოცხლისუუნარობა დაუდგინდებოდა, აბორტის გაკეთება ორსულობის ნებისმიერ ეტაპზე იყო შესაძლებელი.
წყარო: Guardian