თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა საქართველოში ახალდანიშნულ სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან აშოტ სმბატიანთან ქვეყნებს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების მნიშვნელობაზე იმსჯელა, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
დარჩიაშვილმა წარმატებები უსურვა სომეხ დიპლომატს მომავალ საქმიანობაში. სმბატიანი საქართველოში ელჩად აგვისტოს ბოლოს დაინიშნა, მან რუბენ სადოიანი შეცვალა.
მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების მზარდი დინამიკა და იმედი გამოთქვეს, რომ რეგიონში არსებული სირთულეების მიუხედავად, მხარეები განაგრძობენ მჭიდრო თანამშრომლობას როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.
საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და სომხეთის ახალდანიშნული ელჩი აშოტ სმბატიანი
© Courtesy of the MFA of Georgia
შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგის აქტუალური საკითხები სავაჭრო, ეკონომიკური, სატრანზიტო და სატრანსპორტო მიმართულებებით. აღინიშნა რეგიონში საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობის მნიშვნელობა.
საქართველოსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ივლისში დამყარდა. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის სფეროებში.
დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის განმავლობაში საქართველომ და სომხეთმა გააფორმეს ათობით საერთაშორისო ხასიათის დოკუმენტი ვაჭრობის, მეწარმეთა საკუთრების უფლებების დაცვის, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის და სხვა სფეროებში.
ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ იანვარ-აგვისტოში 685,8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 52,8%-ით მეტია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ხოლო წლის დასაწყისიდან 8 თვის განმავლობაში სომხეთში ქართული პროდუქციის ექსპორტი ორჯერ გაიზარდა და 302,4 მილიონი დოლარი შეადგინა.