თბილისი, 28 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ოპოზიციური ტელეარხი „ფორმულის“ დამფუძნებელი დავით კეზერაშვილი სახელმწიფოსგან მოპარულ ფულს ოპოზიციის გასაკონტროლებლად იყენებს, განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა, დეპუტატმა გიორგი ამილახვარმა.
ცოტა ხნის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა, რომ კეზერაშვილმა ოპოზიციისგან თავი შორს უნდა დაიჭიროს. მელიამ დასძინა, რომ დღეს ხელისუფლების ოპონენტებს შორის არიან არა მხოლოდ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, არამედ „ოლიგარქის მსგავსი პერსონაჟებიც“.
„ჩვენ გვაქვს პირდაპირი მტკიცებულებები იმისა, რომ ადამიანი, რომელმაც სახელმწიფოს ფული მოპარა, რომლის წინააღმდეგაც არაერთი საქმეა აღძრული კორუფციაში ბრალდებით, ამ ფულს უკვე უკან აბრუნებს, უკანონოდ ატრიალებს ქართულ პოლიტიკაში და ამით ცდილობს აკონტროლოს ოპოზიციური ველი“, – განაცხადა ამილახვარმა.
თუ პირდაპირ ჩავწერთ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონში სახელსა და გვარს - დავით კეზერაშვილი, ამასთან დაკავშირებით კითხვები არავის გაუჩნდება, აღნიშნა მან.
კეზერაშვილის მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს არ ეთანხმებიან პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“.
„დავით კეზერაშვილის მონაწილეობა ქვეყნის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში შემოიფარგლება იმ დამოუკიდებელი ტელევიზიის მხარდაჭერით, რომლის შესახებაც ყველასთვის ცნობილია. შესაბამისად, მისი მონაწილეობა დემოკრატიის განვითარებასა და დაცვაში მხოლოდ ამით შემოიფარგლება“, – აღნიშნა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა.
ამასთან, დეპუტატმა დაამატა, რომ კეზერაშვილი არ არის პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი.
ამასობაში „ქართულ ოცნებაში“ მიიჩნევენ, რომ კეზერაშვილი აფინანსებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, კერძოდ, დეპუტატ ლევან ხაბეიშვილს.
რაც შეეხება მელიას განცხადებას, რომ კეზერაშვილმა ოპოზიციისგან თავი შორს უნდა დაიჭიროს, ის თანაპარტიელებმა – დეპუტატებმა ლევან ხაბეიშვილმა და დავით კირკიტაძემ გააკრიტიკეს.