თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. მეტროს სადგურ „ახმეტელის თეატრის" მეორე ჩასასვლელ-ამოსასვლელის ტერიტორია კერძო საკუთრებაშია, მაგრამ მუნიციპალიტეტი მას დაიბრუნებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღეავანდელ სხდომაზე განაცხადა.
კალაძის თქმით, ამჟამად სადგურ „ახმეტელის თეატრის" ჩასასვლელთან გარკვეული პრობლემები იქმნება პიკის საათებში, როდესაც მოქალაქეების დიდი რაოდენობა მოძრაობს, არსებული შესასვლელი კი მათ ვერ ატარებს.
„კომუნისტების დროს იყო დაპროექტებული მეორე ჩასასვლელ-ამოსასვლელი. მიწის ზემოთ მდებარე ტერიტორია, სადაც ეს ჩასასვლელ-ამოსასვლელია, გასხვისებულია, კერძო საკუთრებაა. მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ობიექტი სტრატეგიული მნიშვნელობისაა, მუნიციპალიტეტი ამ ტერიტორიას დაიბრუნებს", – განაცხადა კახა კალაძემ.
მერის განცხადებით, ამ ჩასასვლელის გასახსნელად უახლოეს მომავალში გამოცხადდება ტენდერი. აღნიშნული პროექტის განხორიელება აზიის განვითარების ბანკთან თანამშრომლობით იგეგმება.
როგორც მანამდე თბილისის მერმა განმარტა, სპეციალისტებს ჰქონდათ გათვლა, რომ რაიონი გაიზრდებოდა და ამიტომ „ახმეტელის თეატრში" სათადარიგო ჩასასვლელ-ამოსასვლელი დააპროექტეს. დღეისათვის ეს სათადარიგო ვარიანტი დალუქულია.
თბილისის მერის ცნობით, იგივე პრობლემაა „ვარკეთილსა" და „სადგურის მოედანზეც", სადაც პიკის საათებში შესასვლელში დიდი რიგებია. სამომავლოდ დედაქალაქის მერია მეტროსთვის გეგმავს 40 ვაგონის შესყიდვას და, აუცილებლობის შემთხვევაში, მატარებლების მოძრაობის ინტერვალის შემცირებას.