თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. საქართველოსა და რუსეთის საზღვართან ახლოს აქციის მონაწილეებმა კანონის ფარგლებში უნდა იმოქმედონ, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ.
აქციას საკონტროლო-გამშვებ პუნქტ „ყაზბეგი–ზემო ლარსთან" ოპოზიციური პარტია „დროას" წევრები მართავენ. ოპოზიციონერები აპროტესტებენ რუსეთიდან შემომსვლელთა გაზრდილ რაოდენობას, რაც, მათი აზრით, ქვეყნისთვის საშიშია. შსს აცხადებს, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება – ამოწმებენ ყველა შემომსვლელს, ადგილზე მობილიზებულია პოლიციის დამატებითი ჯგუფები.
„რა თქმა უნდა, ასეთ დროს აქციების ჩატარება დამატებითი გამოწვევაა პოლიციისთვის, თუმცა ჩვენ კანონით დადგენილ ყველა ზომას მივიღებთ, რათა შეკრების ყველა მონაწილის უფლება იყოს დაცული", – განაცხადა დარახველიძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ აუცილებელია აქციის მონაწილეებმა კანონი დაიცვან.
„ნებისმიერ შეკრებაზე, მანიფესტაციაზე და სხვა ტიპის აქტივობებზე საჭიროა დაიცვან კანონის მოთხოვნები, არ გასცდნენ შეკრებისა და გამოხატვის ფარგლებს. ბუნებრივია, შინაგან საქმეთა სამინისტრო ყველა საჭირო ზომას მიმართავს, რათა ყველა პირის უსაფრთხოება იყოს დაცული", – განაცხადა დარახველიძემ.
თავის მხრივ, მომიტინგეები უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმის თაობაზე, რომ პოლიციამ მათ აქციის უშუალოდ სასაზღვრო პუნქტთან ახლოს ჩატარების უფლება არ მისცა. პოლიციის მოქმედება მათ საქართველოს მოქალაქეების შეკრების, მანიფესტაციისა და გამოხატვის უფლებების დარღვევად შეაფასეს.
რაც შეეხება რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლას, რაოდენობა თითქმის გაორმაგდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა 21 სექტემბერს ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.
„დღის განმავლობაში, თუ სტანდარტულად რუსეთის 5–6 ათასი მოქალაქე იყო შემომსვლელი, ბოლო პერიოდში რაოდენობა 40–45 პროცენტით გაიზარდა", – განაცხადა დარახველიძემ.
მისი თქმით, შსს რისკებისა და გამოწვევების ანალიზის გათვალისწინებით მოქმედებს.
„კერძოდ, ხდება თითოეული ადამიანის შესწავლა – აკმაყოფილებს თუ არა ის კანონით დადგენილ მოთხოვნებს. ასევე არის ინფორმაციები ამა თუ იმ პირის შესახებ, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას სახელმწიფო უსაფრთხოებას. მათ საზღვრის გადმოკვეთაზე, ბუნებრივია, უარს ეუბნებიან", – აღნიშნა დარახველიძემ.
საქართველოში 17–26 სექტემბერს სხვადასხვა საკონტროლო-გამშვები პუნქტებით რუსეთის 78.742 მოქალაქე შემოვიდა. პიკი 23–26 სექტემბერს იყო – 40.548 ადამიანი. შედარებისთვის: მთელი აგვისტოს განმავლობაში საქართველოს რუსეთის 260.810 მოქალაქე სტუმრობდა.