თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან დილიდან მიდიან მთავრობის წევრები, პოლიტიკოსები, ნათესავები, უბრალო მოქალაქეები, რათა პატივი მიაგონ აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას.
საქართველოში 27 სექტემბერი აღინიშნება, როგორც ხსოვნისა და იმედის დღე. ამ დღეს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.
„ჩვენ გვახსოვს ჩვენი გმირების მიერ დაღვრილი სისხლი და ბრძოლა ჩვენი სამშობლოსათვის. ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკით ჩვენ აუცილებლად დავიბრუნებთ ერთმანეთს და ჩვენ აფხაზ დებთან და ძმებთან ერთად გავაგრძელებთ ერთიანი, დამოუკიდებელი და ევროპული საქართველოს შენებას", – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა.
„სრულიად საქართველოსთვის დღევანდელი დღე ძალიან მძიმეა. 1993 წლის 27 სექტემბრიდან 29 წელი გავიდა. მაშინ 17 წლის ვიყავი და ძალინ კარგად მახსოვს, სრულიად საქართველოსთვის ეს რამხელა ტკივილი, ტრაგედია იყო. ადამიანები, რომელთა სახელებიც ამ კედელზეა ამოტვიფრული ოქროს ასოებით, ნამდვილად გმირები არიან. აქ ჩემი მეგობრები და ნათესავებიც არიან. ყველას დიდი მადლობა, რომ ჩვენს სამშობლოს იცავდნენ", – განაცხადა გომელაურმა.
ეს დღე გვახსენებს საქართველოს ყველა გმირს, განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
„ასევე დღეს ჩვენ ვიხსენებთ და კიდევ ერთხელ ვაკეთებთ ანალიზს იმ კონკრეტული მოვლენისა, რაც მოხდა 29 წლის წინ - სოხუმის დაცემა. ჩვენ 13 თვე და 13 დღე სამოქალაქო თავდაცვის პრინციპით, ჩვენმა ბიჭებმა, მთელმა საქართველომ იბრძოლა და არნახული წინააღმდეგობა გაუწია მტერს, ეს იყო საქართველოს ერთიანობა", – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
27 სექტემბერი ჩვენი უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღია, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ გმირთა მოედანზე.
სწორედ აქ გაიხსნა ქვეყნის ეროვნული გმირის, ქართველი პოლიტიკური, სახელმწიფო და საზოგადოებრივი მოღვაწის, აფხაზეთის თავდაცვის საბჭოსა და მინისტრთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის ჟიული შარტავას ბიუსტი.
შარტავა სოხუმში თავის თანამებრძოლებთან ერთად ბოლო წუთებამდე დარჩა. უარი თქვა მინისტრთა საბჭოს დატოვებაზე სოხუმის დაცემის დღეს, მიუხედავად იმისა, რომ მას ქალაქიდან გასვლა შესთავაზეს. საბოლოოდ ის და მისი თანამებრძოლები დახვრიტეს.
„სამშობლოსთვის თავგანწირვის, ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის მაგალითები ბევრი გვაქვს, ერთ-ერთი მათგანია ჟიული შარტავა", – განაცხადა კალაძემ.
მემორიალთან ასევე მივიდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები. ოპოზიციური პარტია „ერთიანი საქართველოს" ლიდერმა, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ იმედი გამოთქვა, რომ რეალობა შეიცვლება და საქართველო შეძლებს ქვეყნისა და ხალხის გაერთიანებას.
„სხვის იმედად კი არ უნდა ვიყოთ ჩვენი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში და ჩვენი ქვეყნის გამთლიანების საკითხის გადაწყვეტაში, არამედ ჩვენ უნდა გადავდგათ ნაბიჯები. ვიდრე იმის იმედად ვიქნებით, რომ სხვაგან ვინმე რამეს გააკეთებს და ჩვენი პრობლემები მოგვარდება, ყოველ წელს მოვალთ ასე გულგახეთქილები, ერთმანეთს გავახსენებთ, რომ ჩვენი ქვეყნის ნაწილი იყო და გვინდა, რომ იყოს აფხაზეთი და სამაჩაბლო", – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო ასევე ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველოს" თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ.
„დღეს ყველაზე მძიმე დღეა საქართველოს ახალ ისტორიაში. ჩვენი მორალური ვალია გვახსოვდეს ადამიანები, რომლებმაც თავი შესწირეს ჩვენი ქვეყნის თავისუფლებასა და მთლიანობას", – განუცხადა ბოკერიამ ჟურნალისტებს.
სოხუმი ადგილობრივ, რუსულ და ჩრდილოკავკასიურ შეიარაღებულ ფორმირებათა ხელში 1993 წლის 27 სექტემბერს გადავიდა, რომლებმაც 30 სექტემბერს თითქმის მთელ აფხაზეთზე დაამყარეს კონტროლი.
შეიარაღებული კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც 1992 წლის 14 აგვისტოს საქართველოს მაშინდელი თავდაცვის მინისტრის თენგიზ კიტოვანის ბრძანებით ეროვნული გვარდია აფხაზეთის ავტონომიის ტერიტორიაზე ფსოუ−ენგურის სარკინიგზო ხაზის დასაცავად შევიდა. ე.წ. აფხაზური გვარდიის მებრძოლებმა ცეცხლი გაუხსნეს ქართველ სამხედროებს, რასაც შეიარაღებული დაპირისპირება, მერე კი ომი მოჰყვა.
ომმა, რომელიც 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა, შედეგად ასობით ათასი ლტოლვილი, ათობით ათასი დაღუპული და აფხაზეთზე ოფიციალური თბილისის კონტროლის დაკარგვა მოიტანა. აფხაზეთის ომში საქართველომ დაახლოებით 15 ათასი ადამიანი დაკარგა.