სასწრაფო დახმარების თანამშრომლები თბილისში გაფიცვისთვის ემზადებიან

გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახურის თანამშრომლები არაერთი თვეა იბრძვიან უკეთესი სამუშაო პირობებისათვის.
Sputnik
თბილისი, 27 სექტემბერი – Sputnik. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სასწრაფო დახმარების ბრიგადებში დასაქმებული ექიმები და მძღოლები გაფიცვისთვის ემზადებიან, ისინი ხელფასების ორჯერ გაზრდას ითხოვენ, განაცხადეს მედიცინის მუშაკებმა სამშაბათს გამართულ ბრიფინგზე.
სასწრაფო დახმარების თანამშრომლები უკვე ხუთი თვის განმავლობაში უშედეგოდ ითხოვენ ხელფასების 100%-ით გაზრდას და შრომის პირობების გაუმჯობესებას. მათ არაერთხელ გამართეს შეხვედრები ჯანდაცვის სამინისტროს მაღალი რანგის თანამდებობის პირებთან, მაგრამ შედეგს ვერ მიაღწიეს. ამიტომ უწყების წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებენ.
სასწრაფო დახმარების თანამშრომლების თქმით, ამიერიდან ისინი ხელმძღვანელობასთან გაფიცვის რეჟიმზე მოლაპარაკებას გეგმავენ, ვინაიდან მუშაკების მხოლოდ გარკვეულ პროცენტს შეუძლია გაფიცვა ქვეყნის მოქალაქეების ინტერესების შელახვის გარეშე.
საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ადვოკატი სასამართლოსადმი მიმართვას გეგმავს, რათა სასწრაფო დახმარების ცენტრს მოსთხოვოს დასაქმებულებთან შეთანხმება მომსახურების მინიმალურ მოცულობაზე, რათა სასწრაფო დახმარების მუშაკებმა გაფიცვის უფლებით ისარგებლონ.
აღნიშნულია, რომ გაფიცვის დროს მოსახლეობას სამედიცინო დახმარება მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებში უნდა გაეწიოს (იგულისხმება სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის უშუალო საფრთხე: სტიქიური უბედურება, გონების დაკარგვა, სისხლდენა, ინსულტი და ა.შ.). ცენტრმა ამაზე უარი თქვა.
გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახურის თანამშრომლები რამდენიმე თვეა იბრძვიან უკეთესი სამუშაო პირობებისთვის.

„ამ დრომდე გამართულმა აქციებმა და მედიაციის პროცესმა შედეგი ვერ გამოიღო, ამიტომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები და მძღოლები პროფკავშირთან ერთად აპირებენ ყველა სამართლებრივი ბერკეტის გამოყენებას, რათა მათი შრომითი პირობები გაუმჯობესდეს“, – ნათქვამია საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების განცხადებაში.

მათივე თქმით, მიმდინარე წლის მაისიდან მათ არ მიუღიათ ის დანამატი, რომელსაც სახელმწიფო მათ კოვიდ-პროგრამის ფარგლებში აძლევდა. პროგრამა ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესების შემდეგ დასრულდა.
სასწრაფო დახმარების თანამშრომლები აცხადებენ, რომ გამოძახებები არ შემცირებულა, მათი სამუშაო გრაფიკი კვლავ გადატვირთულია და დანამატის (ხელფასის 50%-ის) მოხსნა უსამართლო გადაწყვეტილებაა.
რაც შეეხება ამჟამინდელ ხელფასს, ექიმების თქმით, თითოეულ მორიგეობაზე სასწრაფოს უფროსი ექიმი 180 ლარს იღებს, უმცროსი ექიმის ანაზღაურება 140 ლარია, მძღოლის - 105 ლარი.
სასწრაფო დახმარების თანამშრომლების თქმით, ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა საპილოტო პროექტი, რომელიც, თანამშრომლებისთვის ხელფასების გაზრდის ნაცვლად, ფაქტობრივად 24-საათიანის (სამ დღეში ერთხელ) ნაცვლად 12-საათიან სამუშაო განრიგზე გადასვლას ნიშნავს.