ბოლო დღეებში საქართველოში რუსეთის მოქალაქეების ნაკადი ორჯერ გაიზარდა

რუსეთიდან შემოსულების დაახლოებით 60% გადის ქვეყნიდან, აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.
Sputnik
თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ვერ ხედავს მიზეზებს, რომ დაკეტოს ქვეყნის საზღვარი რუსეთის მოქალაქეებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ შემომსვლელთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა.

„რუსეთის მოქალაქეები შემოდიოდნენ ყოველთვის და ახლა დავკეტოთ საზღვარი? რუსეთის მოქალაქეები წლებია დადიან საქართველოში და დღეს უნდა გახდეს ეს პრობლემატური? ბატონი სააკაშვილი ხვდებოდა და ღვინოს ურიგებდა რუსებს, რომ, შემობრძანდით, თქვენ რა შუაში ხართო", – განაცხადა გომელაურმა ბრიფინგზე სამშაბათს.

მისი თქმით, 4-5 დღის წინ საქართველოში ყოველდღიურად 5-6 ათასი ადამიანი შემოდიოდა, ბოლო ორ დღეს 10-11 ათასი შემოდის. ამასთან, შემოსულების დაახლოებით 60% ქვეყნიდან გადის, დასძინა გომელაურმა.
„საქართველოში რუსეთის 250 ათასი მოქალაქის შემოსვლაზე ინფორმაცია აბსოლუტურად არასწორი და ტყუილია. რომ ვთქვათ, რომ დღეს ყველაზე დიდი ციფრებია, ასე არ არის. ზაფხულში, აგვისტოში, მაგალითად, იყვნენ ტურისტები", – განაცხადა გომელაურმა.