ტურიზმის ადმინისტრაცია: საქართველო მსოფლიო რუკაზე ერთ-ერთ მიმზიდველ მიმართულებად იქცა

ტურიზმის მსოფლიო დღე ყოველწლიურად 27 სექტემბერს აღინიშნება. ეს დღე გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ (UNWTO) დააფუძნა.
Sputnik
თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. საქართველომ დაუღალავი შრომის შედეგად შეძლო, რომ ბოლო წლებში მსოფლიო ტურისტულ რუკაზე ერთ-ერთ მიმზიდველ ადგილად ქცეულიყო, ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებაში.
27 სექტემბერს ტურიზმის მსოფლიო დღე აღინიშნება, რომელსაც მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია 40 წელზე მეტია აღნიშნავს. ამ დღეს საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაცია სფეროს თითოეულ წარმომადგენელს ულოცავს და წარმატებებს უსურვებს.

„ტურიზმის სექტორმა პანდემიის პერიოდში ურთულესი გზა გაიარა. ჩვენ თქვენთან ერთად აქტიური თანამშრომლობით, საჰაერო წვდომის გაუმჯობესებით, საერთაშორისო მარკეტინგით და წამყვანი მედიაპლატფორმების გამოყენებით შევძელით ტურიზმის აღდგენის ეფექტური დინამიკის შენარჩუნება“, – ნათქვამია განცხადებაში.

ტურიზმის განვითარება-აღდგენისთვის გადადგმული ნაბიჯების შედეგად 2022 წლის აგვისტოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს გადააჭარბა.
პოსტპანდემიურ პერიოდში მნიშვნელოვანი გახდა ტურიზმის ინდუსტრიაში ახალი მიდგომებისა და ინოვაციური მეთოდების დანერგვა, ასევე სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობა.
„საქართველო ამ მიმართულებით აქტიურად პოზიციონირებს და ეს მომავალშიც გაგრძელდება! კიდევ ერთხელ გილოცავთ და გისურვებთ წარმატებულ, მშვიდ, უსაფრთხო და ნაყოფიერ საქმიანობას!“ – აღნიშნულია ტურიზმის ადმინისტრაციის მიმართვაში.
საქართველოს შემოსავლებმა საერთაშორისო მოგზაურებისგან 2022 წლის რვა თვეში 2,1 მილიარდი დოლარი შეადგინა.
უსაფრთხო მოგზაურობა ეროვნულ პარკებში: საქართველოში მობილური აპლიკაცია შეიქმნა>>>
კორონავირუსის პანდემიამ ქვეყნის ტურისტულ ინდუსტრიას უზარამაზარი ზარალი მიაყენა. ტურიზმის აღორძინება 2021 წლიდან დაიწყო – 1 თებერვალს ქვეყნის საჰაერო, ხოლო 1 ივნისს – სახმელეთო საზღვრები გაიხსნა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შემოსავლები 198,3%-ით გაიზარდა. გარდა ამისა, შემოსავლები, 2019 წლის დონესთან შედარებით, როდესაც საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების პიკი იყო, 92,8%-ით აღდგა.
2022 წლის აგვისტოში ტურიზმიდან შემოსავლებმა 522,9 მლნ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის აგვისტოს მაჩვენებელზე 163%-ით მეტია, ხოლო 2019 წლის მაჩვენებელზე – 26,7%-ით მეტი.