„რიგითი წუთისოფლელის” ამბავი - როგორ ვიცნოთ ჩვენი სულისცალი?

დღევანდელი მასალის გმირი იურისტი და ჟურნალისტი, აფხაზეთიდან დევნილი პოეტი მაიკო მიქაიაა. დარწმუნებული ვარ, 27 სექტემბერს ჯვართამაღლებაზე დაწერილ მის ლექსს ალბათ ბევრი გაიზიარებს.
Sputnik
„დრო ვერ განკურნავს,
დრო ანედლებს უფრო ტკივილებს,
რამდენიც გინდა,
სისხლიანი ცრემლი დავღვარო,
სული კი ამაქვს გოლგოთაზე
და ჯვარს მიმძიმებს
ჯვართამაღლებას დაცემული
ჩემი სამყარო“...
მაიკო მიქაია სამი პოეტური კრებულის ავტორია. მისი ცხოვრების ამბავი მის მიერ გარითმული მთელი თაობის ბიოგრაფიაა. პოეტის პირველი კრებული „მონოლოგი ტკივილთან“ 1995 წელს გაზეთ „შანსის“ რედაქციის თანამშრომლებმა გამოსცეს. მეორე წიგნი - „შურიმშინე“ 2013 წელს დაიბეჭდა. ამ ლექსზე დაწერილი სიმღერის პრეზენტაცია ბათუმის ფესტივალზე შედგა. მესამე კრებული „სულისცალი“ იყო.
მაიკო მიქაია
- ქალბატონო მაიკო, საუბარი მინდა დავიწყოთ თქვენი ლექსით „პაემანი ბლოკპოსტზე“, რომელიც ნამდვილ ამბავზეა. მოგვიყევით რა მოხდა...
- ამ ლექსში ამბავია ჩემს ბიძაზე, რომელიც 27 წელი უკრაინაში იყო ბერი და ჩვენ გარდაცვლილი გვეგონა. როდესაც საქართველოში სამოქალაქო ომი დაიწყო, მაშინ გაიხიზნა უკრაინაში და უსაბუთოდ დარჩენილი ბერებმა შეიფარეს. განათლებული ადამიანი იყო. ცოტა ხნის მერე თვითონაც გახდა მნათე და ბერი. მოხდა ისე, რომ ინსულტი დაემართა და ფსიქიკური პრობლემები შეექმნა. რის შემდეგ მეხსიერება დაკარგა. აღარავინ და არაფერი ახსოვდა – ჩემ გარდა... ეტყობა იმიტომ, რომ ჩვენ ძალიან ვმეგობრობდით. ჩემი მარტო სახელი ახსოვდა და ის, რომ ჰყავდა ძმისშვილი, რომელიც პოეტი იყო.
მაიკო მიქაია
- ვიცი, რომ უკრაინაში მისი მეგობრები გეძებდნენ, როგორ გიპოვეს?
- დიახ, მისი უკრაინელი მეგობრები თურმე დიდხანს მეძებდნენ. ამ სახელით და გვარით ექვსი ადამიანი აღმოაჩინეს, ყველას სკაიპში გაუგზავნეს შეტყობინება, რომ აქ ასეთი ადამიანია და თქვენი ბიძა ხომ არ არისო? მივხვდი, რომ ბიძაჩემი იყო და, რა თქმა უნდა, გამოვეხმაურე. მერე ერთმანეთს ვიდეოთვალით ვესაუბრებოდით.
მაიკო მიქაია ტარიელ ხალხელაურთან ერთად
- როდის შედგა თქვენი შეხვედრა და თუ გაიხსენა რაიმე?
- დიახ, ერთმანეთს 2017 წელს შევხვდით. საბუთების მომზადებას ექვსი თვე დასჭირდა. აქ ჩამოსულმა რაღაცები აღიდგინა გონებაში. ამოჩემებული ჰქონდა, აფხაზეთში, ჩემი მშობლების საფლავზე უნდა წამიყვანოთო. იქ წასვლა გამორიცხული იყო, თუმცა ჩვენ მაინც შევძელით და ერთ კაცს ჩავაბარეთ. ბიძაჩემი აქ ჩამოსვლიდან სამ-ოთხ თვეში გარდაიცვალა, თუმცა სიკვდილის წინ მაინც აისრულა სურვილი და მშობლების საფლავზე გავიდა... ამ ამბავზე დაწერილი ლექსიდან ერთ სტროფს გაგაცნობთ:
„მიკვირს, სუნთქვა რომ მიგუბდება და მჩხვლეტს ლავიწთან
და ისიც მიკვირს, რატომ ვბრაზობ, რატომ მოველი,
რომ ყველა იგრძნობს, რა უზომო ტკივილს განვიცდი
ერთი დევნილი და რიგითი წუთისოფლელი?!.“
მაიკო მიქაია
- თქვენს მესამე კრებულს „სულისცალი“ ჰქვია, ეს სიტყვა თქვენ გამოიგონეთ?
- დიახ, ეს სიტყვა მართლა მე მოვიგონე, ერთად იწერება, ისევე, როგორც ტყუპისცალი. საკმაოდ რთულია ცხოვრებაში სულისცალს მიაგნო, ისიც თუ გაგიმართლა. ამ სიტყვას დღეს ბევრი იყენებს და ისე გავრცელდა, რომ ხშირად მესმის. ამ ლექსიდან ერთ სტროფს გეტყვით:
„გზააბნეულ და სულმბორგავ მონადირეს,
გზად დაგიხვდი მარტოსული ალი,
შენ მე - ცრემლი, მე კი სისხლი მოგადინე,
ერთად - მწარე სიმარტოვე ვცალეთ...
მხოლოდ თვალის გაწვდენაა ეს მანძილი
და მიცანი შენი სულისცალი!“
- ბოლოს მინდა ჩემი თაობის ადამიანებს მივმართო: არ დამორჩილდეთ იმას, რასაც ბედისწერა გიმზადებთ. ჯობს თქვენში იპოვოთ ძალა და სიმშვიდე შეინარჩუნოთ, ალბათ უფრო სხვებისთვის, ვიდრე საკუთარი თავისთვის....