თბილისი, 27 სექტემბერი – Sputnik. ჯვარი უძლეველია, ჯვარი გამარჯვებულია, ამიტომ ჯვრის ძალით უნდა აღვზარდოთ ჩვენი შვილები და გამარჯვებული იქნება ადამიანი. ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ჯვართამაღლების დღესასწაულზე ქადაგებისას განაცხადა.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 27 სექტემბერს უდიდეს დღესასწაულს – ჯვართამაღლებას, ანუ ჯვრის თაყვანისცემის დღეს აღნიშნავს.
„ჯვართამაღლება – ეს ისეთი დღესასწაულია, ჯვარს გამოსახავს ადამიანი თავისი ცხოვრებით. ერთი ხაზი მიდის უფალთან, მეორე ხაზი კი ადამიანებთან და ჩვენ ამით იმედს გამოვთქვამთ. მრავალ ადამიანს უნდოდა დაემხო ჯვარი, მაგრამ ვერ შეძლეს. ჯვარი უძლეველია, ჯვარი გამარჯვებულია“, – განაცხადა პატრიარქმა.
ჯვართამაღლების დღეს მორწმუნე მართლმადიდებლები ერთდღიან მარხვას ინახავენ. საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში ამ დღეს საზეიმო წირვა აღევლინება.
საეკლესიო გადმოცემის თანახმად, ჯვართამაღლება აღნიშნავს იმ დღეს, როდესაც რომის იმპერატორ კონსტანტინეს დედის ელენე დედოფლის ძალისხმევით იერუსალიმის მახლობლად დაახლოებით 335 წელს იპოვეს იესო ქრისტეს ჯვარი. ყველასათვის შესაძლებელი რომ ყოფილიყო ჯვრის ხილვა, იერუსალიმის პატრიარქმა მაკარიოსმა აღმართა, ანუ აღამაღლა იგი. აქედან წარმოდგება დღესასწაულის სახელწოდება „ჯვართამაღლება“.