მსოფლიო დღეს

დუბაიში მთვარის ფორმის გიგანტური კურორტი შენდება: 5-მილიარდიანი პროექტის ფოტო

Sputnik
თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. თუ ბევრი ფული გაქვთ, დუბაიში თითქმის ყველაფრის გაკეთება შეგიძლიათ, მათ შორის, მთვარეზე გასეირნება და იქ არსებულ სასტუმროში მდიდრული ნომრის დაჯავშნაც კი, წერს გამოცემა Robb Report.
საქმე ისაა, რომ კანადური არქიტექტურული კომპანია Moon Word Resorts დუბაიში 5 მილიარდ დოლარად შეფასებულ კურორტს აშენებს, რომელსაც მთვარის ფორმა ექნება.
გავრცელებული ინფორმაციით, Moon Dubai-ს მიზანია, რომ სტუმრებს თავი მთვარის ზედაპირზე აგრძნობინოს.

„ეს იქნება ყველაზე დიდი და წარმატებული თანამედროვე ტურისტული პროექტი რეგიონში, რომელიც დუბაიში ყოველწლიურ ვიზიტებს გააორმაგებს თავისი მიმზიდველობის, ბრენდის ცნობადობისა და უნიკალური ინტეგრირებული შეთავაზებების წყალობით“, — ნათქვამია პროექტის თანაავტორთა განცხადებაში.

როგორც ცნობილი ხდება, პროექტის დასრულება 2024 წლისთვის იგეგმება.
Moon Dubai-ს 224 მეტრი სიმაღლის სფეროს ფორმა ექნება, რომლის შიგნითაც მთვარის მსგავსი პირობები შეიქმნება, რაც სტუმრებს დედამიწის თანამგზავრზე ყოფნის განცდას მისცემს.
ვიზიტორებისთვის იქ იმუშავებს ღამის კლუბი, გასართობი ცენტრი, ლაუნჯ-ზონა, სპა-ცენტრი. ამასთან სტუმრები ერთი ადგილიდან მეორეზე „მთვარის შატლით“ ივლიან.
კურორტზე 300 კერძო რეზიდენცია იქნება, რომლებიც „მთვარის“ ქვეშ, დისკოს ფორმის შენობაში განთავსდება.
როგორც პროექტის ავტორები იმედოვნებენ, Moon Dubai-ს ყოველწლიურად მილიონობით სტუმარი ეწვევა.