თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. რეგიონში გაზრდილი სატრანსპორტო ტვირთნაკადის პირობებში საქართველოს ყველა საბაჟო-გამშვები პუნქტი მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადავიდა, ნათქვამია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.
უწყების განმარტებით, საბაჟო კონტროლის პროცედურების 24-საათიან რეჟიმში შეუფერხებლად განხორციელების მიზნით ქვეყნის მასშტაბით არსებულ გამშვებ პუნქტებზე გაზრდილია მებაჟე ოფიცრების რაოდენობა.
„აქვე განვმარტავთ, რომ რუსეთის ფედერაციის მხარეს „ლარსის“ საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით ნაწილობრივ შეფერხებულია საქართველოდან (საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“) გასული სატვირთო ავტომობილების მიმართ საბაჟო კონტროლის პროცედურები“, – აღნიშნულია განცხადებაში.
გაზრდილი საერთაშორისო ტვირთბრუნვის უწყვეტობის უზრუნველყოფის მიზნით საბაჟო-გამშვები პუნქტების ერთობლივი მართვის ფარგლებში საქართველოს შემოსავლების სამსახური ინტენსიურ კომუნიკაციაში იმყოფება მეზობელი ქვეყნების – თურქეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის საბაჟო ადმინისტრაციებთან, რათა სწრაფად გამოიძებნოს ალტერნატიული საბაჟო-გამშვები პუნქტები სატვირთოების დანიშნულების ქვეყნებში მოსახვედრად.