თბილისი, 26 სექტემბერი – Sputnik. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია არ ეწერება თამაშის ახალ წესებში, რომელსაც ქვეყნის თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ტელეკომპანია „ფორმულის“ დამფუძნებელი, ბიზნესმენი დავით კეზერაშვილი ადგენს, განაცხადა დეპუტატმა მმართველი პარტია „ქართული ოცნებიდან“ გიორგი ცაგარეიშვილმა.
მელია პარტიის ავტორიტეტული წარმომადგენლების, დეპუტატების ლევან ხაბეიშვილისა და დავით კირკიტაძის კრიტიკის ობიექტი გახდა. მათ არ მოეწონათ მელიას სიტყვები იმის შესახებ, რომ კეზერაშვილი, ჯობს, ოპოზიციისგან შორს დადგეს.
„სააკაშვილმა დახლზე გამოიტანა (პარტია) და ბატონმა კეზერაშვილმა შეიძინა, სხვა მყიდველი არ გამოჩნდა. სწორედ პარტიის ახალი მესაკუთრე დანერგავს თამაშის ახალ წესებს. ამ თამაშის ახალ წესებში, როგორც ჩანს, არ ეწერება ბატონი მელია“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.
დეპუტატის თქმით, თამაშის ახალ წესებში ეწერება ნებისმიერი, „ვინც კეზერაშვილის ყურმოჭრილი მონა იქნება, იქნება მისი ნების ბრმა შემსრულებელი“.
„ასეთად შეიძლება მოვიაზროთ ხაბეიშვილი, ან რომელიმე ასეთი კომიკური პერსონაჟი“, – დასძინა ცაგარეიშვილმა.
ამასთან, „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ მელიას გადადგომის, ასევე პარტიაში ცვლილებების საკითხი დღის წესრიგში არ დგას. როგორ დეპუტატი ანა წითლიძე აცხადებს „ნაცმოძრაობიდან“, ოპოზიციურ პარტიაში შიდა დაპირისპირება არ არის.
როგორც წითლიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რაც შეეხება კეზერაშვილის საკითხს, ნიკა მელიას განცხადებასთან დაკავშირებით უთანხმოებაა. ასეა ბევრ სხვა საკითხზე, მაგრამ ეს დაპირისპირება არაა.
„ქართულ ოცნებაში“ მიიჩნევენ, რომ ოპოზიციურ პარტიაში მიდის ბრძოლა ფინანსებისა და შიდა გავლენისთვის.
ვითარება პარტიაში მას შემდეგ გამწვავდა, რაც მელიამ უკმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ კეზერაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, დეპუტატ ლევან ხაბეიშვილს აფინანსებს. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძის ინფორმაციით, პასუხად კეზერაშვილმა განაცხადა, რომ მელია პარტიის მხოლოდ ფორმალური თავმჯდომარეა.
რაც შეეხება მელიას განცხადებას, რომ კეზერაშვილმა ოპოზიციისგან თავი შორს უნდა დაიჭიროს, ის თანაპარტიელებმა გააკრიტიკეს – დეპუტატებმა ლევან ხაბეიშვილმა და დავით კირკიტაძემ.