თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტომ ტურიზმის სექტორს შესთავაზა პირველი მობილური აპლიკაცია Parks.ge, რომელიც ვიზიტორებს ეროვნულ პარკებში უსაფრთხოდ მოგზაურობის საშუალებას მისცემს, ნათქვამია უწყების პრესსამსახურის განცხადებაში.
აპლიკაცია მოიცავს ინფორმაციას საქართველოს დაცული ტერიტორიების, სალაშქრო ბილიკებისა თუ მოგზაურობაში საჭირო სხვა სერვისების შესახებ. აპლიკაციის ტექნიკურ ნაწილზე იმუშავა კომპანია Noxtton-ი.
მობილური აპლიკაციით ვიზიტორები სრულფასოვან ინფორმაციას მიიღებენ დაცული ტერიტორიების შესახებ. ვიზიტორები შეძლებენ წინასწარ განსაზღვრონ მარშრუტი, რაც მოგზაურობას გახდის მაქსიმალურად მარტივს, მოქნილსა და უსაფრთხოს, აღნიშნეს სააგენტოში.
ახალი აპლიკაციის მეშვეობით შესაძლებელია:
საქართველოს ეროვნული პარკების ყველა ეკოტურისტული ბილიკის პოვნა
სასურველი მიმართულების მოძიება ბილიკის სირთულეების მიხედვით
მოგზაურობისთვის საჭირო დროის განსაზღვრა
შთაბეჭდილებების გაზიარება
სანდო და ოპერატიული შეტყობინებების მიღება დაცულ ტერიტორიებთან, სერვისებთან და მათ დახურვასთან დაკავშირებით
ლაშქრობისას ბილიკიდან გადაცდენის შემთხვევაში ხმოვანი და ვიზუალური გაფრთხილებების მიღება.
აღსანიშნავია, რომ აპლიკაციის ჩამოტვირთვა სრულიად უფასოა როგორც IOS, ისე Android-ის მომხმარებლებისთვის.
დაცული ტერიტორიების სააგენტოში აღნიშნეს, რომ აპლიკაცია ხელს შეუწყობს სოფლად ეკოტურისტული სერვისების განვითარებას, რაც დადებითად აისახება ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე.