თბილისი, 23 სექტემბერი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლოში ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმის პროცესი, რომელიც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას ეხება, სააკაშვილის ჯანმრთელობის გამო 4 ოქტომბრისთვის გადაიტანეს.
ჯანმრთელობის გაუარესების გამო მსჯავრდებული სააკაშვილი რუსთავის №12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან 12 მაისს გადაიყვანეს სამედიცინო ცენტრ „ვივამედში“, რომელიც პენიტენციურ სისტემას ემსახურება.
ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ გაუარესდა, რომელიც მან დაპატიმრებისთანავე, 2021 წლის 1 ოქტომბერს გამოაცხადა.
საქმის მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა წაიკითხა პენიტენციური სამსახურის განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ექს-პრეზიდენტი უარს აცხადებს სხდომის მის გარეშე გაგრძელებაზე.
მოსამართლემ ასევე წაიკითხა სამედიცინო დაწესებულება „ვივამედიდან” მიღებული წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მსჯავრდებული სააკაშვილი დღევანდელ სასამართლო სხდომას ვერ დაესწრება.
სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, სამშობლოში არალეგალურად 29 სექტემბერს დაბრუნდა და იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.
საქართველოს პროკურატურამ სააკაშვილს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე ბრალი ოფიციალურად 20 ოქტომბერს წარუდგინა. აღნიშნული დანაშაული სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს (სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილი).
საზღვრის კვეთაში სააკაშვილის დახმარების ბრალდებით გამოძიებამ კიდევ ოთხი პირი – ელგუჯა ცომაია, ზურაბ და შალვა წოწორიები და გიორგი ნარიმანიძე დააკავა. მათი საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეეცვალათ.
ქვეყანაში არალეგალურად ყოფნის პერიოდში სააკაშვილი რამდენიმე ქალაქში, მათ შორის, ბათუმსა და ქუთაისში იმყოფებოდა.