თბილისი, 23 სექტემბერი – Sputnik. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ნაკრებს მსოფლიო თასის გათამაშებაზე ორი საპრიზო ადგილის მოპოვებას ულოცავს.
საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა იტალიის ქალაქ პიზაში დაწყებულ 2022 წლის მსოფლიო თასის გათამაშებაზე: ირმა ხეცურიანმა ოქროს მედალი მოიპოვა, ნინა თიბილაშვილი კი ბრინჯაოს დასჯერდა.
„ირმა ხეცურიანი ოქროს, ხოლო ნინა თიბილაშვილი – ბრინჯაოს მედლების მფლობელები გახდნენ. ვულოცავ ჩვენს საამაყო სპორტსმენებს და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებ!“ – დაწერა პრემიერ-მინისტრმა.
ირმა ხეცურიანმა ხმლით ფარიკაობაში შეჯიბრის ნახევარფინალში სამხრეთკორეელ პარასპორტსმენ ჩოოს 15:14 სძლია, ფინალში კი იტალიელ პასკუინოს 15:9 აჯობა და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა.
რაც შეეხება ნინო თიბილაშვილს, მან მესამე ადგილის მოსაპოვებლად პოლონელ ფრიდრიხს დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 15:14 სძლია.
დღეს საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ნაკრების წევრები ძალებს რაპირით ასპარეზობაში სცდიან, სადაც კვლავ ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი გამოვლენ.