ორი გოლი, ორივე „კვარას" დამსახურებით - საქართველო ევრო 2024-ის პლეი–ოფში გავიდა

საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას გიბრალტარის წინააღმდეგ 26 სექტემბერს გამართავს.
Sputnik
თბილისი, 23 სექტემბერი - Sputnik. ერთა ლიგის გათამაშების მატჩში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონია ანგარიშით 2:0 დაამარცხა და ნახევარფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა.
თამაში დაბალ ტემპში დაიწყო, ბურთს კი უმეტესად ჩრდილოეთ მაკედონია ფლობდა. პირველი საგოლე მომენტი სტუმრებმა შექმნეს, როდესაც მე-20 წუთზე სტეფან სპიროვსკის შორეული დარტყმა გიორგი მამარდაშვილმა მოიგერია.
საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონია დაამარცხა
აღსანიშნავია, რომ მატჩის საწყის წუთებში პასიური იყო ხვიჩა კვარაცხელია, რომელსაც ფლანგის შეცვლა მოუწია და მარჯვნიდან უტევდა. ტაქტიკურმა ცვლილებამ შედეგი გამოიღო და ხვიჩამ კარის გასწვრივ გააკეთა პასი და დაცვის დასახმარებლად ჩასულმა სტუმართა თავდამსხმელმა ბოიან მიოვსკიმ ავტოგოლი გაიტანა.
საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონია დაამარცხა
მეორე ტაიმი კვლავ სტუმართა უპირატესობით დაიწყო, თუმცა გიორგი მამარდაშვილისა და ქართველთა დაცვის ხაზის დამაჯერებელი თამაშის წყალობით ჩრდილოეთ მაკედონიას რეალური საგოლე მომენტი არ ჰქონია. 64-ე წუთზე კი სანიოლის გუნდმა ანგარიშში სხვაობა ორამდე გაზარდა. ბუდუ ზივზივაძემ მოედნის ცენტრში მეტოქის პასი ჩაჭრა და მეკარესთან პირისპირ გასვლა მოახერხა. ზივზივაძეს დარტყმა შეეძლო, თუმცა საგოლე გადაცემა კვარაცხელიას გაუკეთა, რომელმაც ცარიელ კარში შეაგდო და სხვაობა გაზარდა.
კვარაცხელია: დაწყებული საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ - მიზანი ევროპირველობაზე მოხვედრაა>>
საბოლოოდ საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან დამაჯერებლად იმარჯვა. ჯვაროსნებს 5 ტურში 13 ქულა აქვს და როგორც ევრო 2024-ის პლეი–ოფში თამაში, ისე მომდევნო სეზონის ერთა ლიგაზე B დივიზიონში ასპარეზობა გარანტირებული აქვს.
ვილი სანიოლის გუნდი ერთა ლიგის ბოლო ტურში 26 სექტემბერს, გასვლაზე გიბრალტარის ნაკრებს დაუპირისპირდება.