თბილისი, 23 სექტემბერი – Sputnik. ჩატარებული სამუშაოების წყალობით გელათის მთავარი მონასტრის დასავლეთ და ჩრდილოეთ მკლავზე კედლის მხატვრობის ჩამოშლის საფრთხე აღარ არსებობს, განაცხადა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა.
სამინისტრო კვლავ ელოდება იუნესკოს მისიას, რათა მან კიდევ ერთხელ შეაფასოს, სწორად მიმდინარეობს თუ არა სამუშაოები.
„საფრთხე ექმნებოდა არა კომპლექსს, როგორც ამას ხშირად ამბობენ, არამედ ძირითადი ტაძრის ერთ ნაწილს. გელათის სამონასტრო კომპლექსში პრობლემები დაიწყო 2008 წლიდან და იყო 2020 წლის დეკემბრის ჩათვლით“, – განაცხადა წულუკიანმა.
მან აღნიშნა, რომ კულტურის სამინისტროს 2021 წლის მარტიდან ხელმძღვანელობს, ამიტომ არ აპირებს პასუხისმგებლობის აღებას იმაზე, რაც მანამდე მოხდა.
უნიკალურ სამონასტრო კომპლექსში რთული ვითარება 2020 წელს გადახურვის უხარისხოდ ჩატარებული სამუშაოების გამო შეიქმნა.
არაკეთილსინდისიერად შესრულებული სამუშაოების გამო გელათის სამონასტრო კომპლექსის ღვთისმშობლის ტაძრის კრამიტით გადახურული სახურავიდან წყლის ჟონვა დაიწყო. ძეგლის დაზიანებისგან დასაცავად სახურავი დროებით თუნუქით გადახურეს. იმ დროიდან გელათის გადასარჩენად ადგილობრივი და უცხოელი სპეციალისტები იბრძვიან.
გელათის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი ქუთაისში — საქართველოში შუა საუკუნეების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია, საეკლესიო და კულტურული ცხოვრების ცენტრი, XVI საუკუნის მეორე ნახევრიდან 1814 წლამდე კათოლიკოსის რეზიდენცია, 1994 წლიდან — მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი. დაარსებულია 1106 წელს დავით აღმაშენებლის მიერ და ის მისი განსასვენებელი გახდა.